ჩინეთი Amazon-ის, Google-ისა and Microsoft-ის დახმარებით დომინანტი ბლოკჩეინ სახელმწიფო ხდება

By | August 4, 2020

ჩინეთის მიერ დაფინანსებული ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურული პროექტი – “Blockchain-based Service Network” (BSN) – მიზნად ისახავს გახდეს დეცენტრალიზებული პალიკაციებისთვის (dapps) დომინანტი ინტერნეტ სერვისების მიმწოდებელი. ის ფაქტი, რომ ეს ინიციატივა პირველია და მის უკან ჩინეთის სახელმწიფო დგას ამ პროექტს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

BSN-ი გლობალურად ფართოვდება იმ დროს, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდება. BSN-ი არის ჩინეთის სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ბლოკჩეინ პროექტი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები. Amazon Web Services-ი (AWS), Microsoft-ი და Google-ი არიან BSN–ისთვის ღრუბელის სერვისების  მიმწოდებლები საზღვარგარეთ არსებული მონაცემების ცენტრების საშუალებით.

ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს მთავრობა მაქსიმალურად ზღუდავს ჩინურ ტექნოლოგიებს და კომპანიებს საკუთარ ბაზარზე. ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინეთის სოციალური მედიის – Tik Tok-ის აკრძალვას; კონგრესმა დაამტკიცა 1 მილიარდი აშშ დოლარი რეგიონალური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის, რათა მათ შეძლონ ჩინური Huawei-ის იაფიან სერვისებსა და პროდუქტებზე უარის თქმა; აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა აუკრძალა ამერიკულ ტექნოგიურ კომპანიებს ჩიპების ჩინური კომპანიებისთვის მიწოდება.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოსმენების ფარგლებში Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა დაახასიათა აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური შეჯიბრი, როგორც „უშედეგო თამაში“. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთი აკეთებს ინტერნეტის საკუთარ ვერსიას, რომელიც სულ განსხვავებულ იდეებს ეფუძნება და ამის ექსპორტს ისინი უკვე უამრავ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებენ.

აშშ-სა და ჩინეთის ტექნოლოგური კონკურენცია უკვე  ათწლეულებია გრძელდება, მაგრამ ახლა აქცენტი საძიებო სისტემებიდან და სოციალური მედიიდან გადადის ტექნოლოგიების უფრო ფუნდამენტურ დონეზე, როგორიცაა მაგალითად Huawei-ის მიერ მოწოდებული სატელეკომუნიკაციო აპარატურა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობამ გასულ თვეში პიკს მიაღწია, როდესაც ამერიკამ დახურა ჩინეთის საკონსულო ქალაქ ჰიუსტონში, ხოლო ჩინეთმა საპასუხოდ დახურა აშშ-ს საკონსულო ქალაქ ჩენგდუში. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ქვეყნებს შორის უკანასკნელი პერიოდის ურთიერთობები დაახასიათა, როგორც „წარუმატებლობა“.

ბუნდოვანია შეძლებენ თუ არა ქვეყნები ამ დაძაბულობის განმუხტვას უახლოეს მომავალში, თუნდაც აშშ-მ სხვა ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. მაშინაც კი, თუ აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას მივიღებთ, მაგალითად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, ტექნოლოგიების საკითხი მაინც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ დარჩება. სავარაუდოდ ისეთი ტექნოლოგიებიც კი, რომელიც არ წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს, მაინც აიკრძალება წმინდა პოლიტიკური მიზეზების გამო.

Amazon-მა, Google -მა and Microsoft-მა კომენტარი არ გააკეთეს ამ საკითხზე.

ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების გლობალური სერვისების ზრდისა და განვითარების შეზღუდვის ერთ-ერთი გზაა მათ მიმწოდებლებზე ზეწოლა, რომ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობები შეწყვიტონ. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა Huawei-ს მთავარ პროვაიდერს – Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ის (TSMC) – უკრძალა ჩიპების დასამზადებლად ამერიკული აპარატურის გამოყენება.

თუ გავითვალისწინებთ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული მონაცემთა ცენტრები ამ პროექტის წარმატებისთვის BSN-ის ისტორიაც შესაძლოა ანალოგიურად დასრულდეს. ჩინური ქსელი არ აშენებს ან ფლობს რომელიმე მონაცემთა ცენტრს, სადაც იგი აკონტროლებს ტექნიკურ ინფრასტრუქტურას; BSN-ის მიერ გამოყენებული ჩინეთში მონაცემთა ცენტრების 90%-ს ჩინეთში უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო კომპანია China Mobile. BSN-ი უხდის ღრუბელის სერვისის პროვაიდერებს და ახდენს მათ ინტეგრირებას საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაში.

BSN-ი იყენებს AWS-ის მონაცემთა ორ ცენტრს ჩინეთში. იგი ასევე იყენებს რამდენიმე გლობალურ მონაცემთა ცენტრს, რომლის მფლობელებიც არიან Microsoft-ი და Google-ი. ჩინურ ქსელს აქვს ერთი მონაცემთა ცენტრი ტოკიოში (Google), ერთი იოჰანესბურგში (Microsoft) და ორი პარიზსა და კალიფორნიაში (AWS).

Dapp დეველოპერებს ეძლევათ BSN-ის სერვისებზე უფრო სწრაფი და მარტივი წვდომის საშუალება, თუ ისინი იყენებენ მონაცემთა ცენტრს, რომელიც ფიზიკურად ახლოს არის მათთან. სწორედ ამიტომ მსოფლიო ბლოკჩეინის საზოგადოებისთვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზღვარგარეთ მონაცემთა ცენტრების არსებობას ინტერნეტ სერვისების მიწოდებისას.

ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების გლობალური გაფართოების საწინააღმდეგო არგუმენტია მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები. ჩინური კომპანიები ფრთხილად უნდა იყვნენ ისეთი პროდუქტის შექმნისას, რომელიც დამოკიდებულია აშშ-ში მისაღებ სერვისებზე. ყველას, ვისაც სურს ამგვარი ჩინური ქსელის გლობალური ვერსიის გამოყენება, უნდა გაითვალისწინოს რისკი, რომ აშშ-მ მონაცემთა ცენტრზე წვდომა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაბლოკოს გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ნამდვილად უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოების უჩვეულოდ მაღალ დონეს, მაგრამ ახლა მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს ლოკალიზაციასთან და ღრუბლის სერვისებთან დაკავშირებით.

მსოფლიო აშკარად ხდება „splinternet“-ი („გაყოფილი ინტერნეტი“), რომელსაც აქვს ეროვნული საზღვრები და შიდა მარეგულირებელი ბაზა. ეს კი, ძირს უთხრის აქამდე დომინანტ ტექნო გლობალიზაციის იდეას.

Iconic One Theme | Powered by Wordpress