იაპონია კრიპტოვალუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას განაგრძობს

By | May 31, 2019

მიმდინარე წლის 21 მაისს იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ, ხოლო მომდევნო დღეს მრჩეველთა (ზედა) პალატამ დაამტკიცა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი კანონი. “ფინანსურ კანონმდებლობასა და სხვა დაკავშირებული კანონებში ცვლილებების (ფინანსური ტრანზაქციების დივერსიფიცირების შედეგად, რომელიც განპირობებულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებით)” კანონპროექტი მოამზადა FSA-მ (Financial Services Agency – იაპონიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი). მარეგულირებლის განცხადებით, ამ კანონის საბოლოოდ ამოქმედება და ყველა ნორმის ძალაში შესვლა იგეგმება 2020 წლის ივნისისთვის.

კანონპროექტს ასევე თან დაერთო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა დაავალდებულა მთავრობა და მარეგულირებელი შეასრულოს 15 მოთხოვნა, კერძოდ, მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნების უფრო ზუსტად განსაზღვრა, შესაბამისი პროფესიონალების აყვანა, საერთაშორისო სტანდარტებთან ყველა ცვლილების შესაბამისობაში მოყვანა, დასაბეგრი რეჟიმის შერჩევა, და სხვ. ასევე ერთერთი მთავარი მოთხოვნაა ეფექტური ინსპექტირებისა და საზედამხედველო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების ეფექტურ დაცვას.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს FSA-ს ვალდებულებას, ახალი რეგულაციების შექმნისა და დანერგვის პროცესში, ზედმეტად არ შეზღუდოს ახალი ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება, რაც ასევე მოიცავს ინსპექტირებისა და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების დაკისრების პროცესს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალი “ტექნოლოგიები ეხმარება იაპონიის ინდუსტრიის ზრდას”.

კიდევ ერთი მოთხოვნა ეხება, ICO-ების (initial coin offering – მონეტის პირველადი შეთავაზება) რეგულირებას, სადაც საჭიროა უფრო დეტალური გზამკვლევის შექმნა და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გულისხმობდეს “ზედმეტ რეგულირებას”, რომელიც რაიმენაირად შეაფერხებს კრიპტოვალუტის სფეროს განვითარებას.

ცვლილებები კრიპტო ბირჟებსაც ეხება. დღეს იაპონიაში 19 ასეთი ბირჟა მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის ლიცენზირებული. მაგრამ სხვა 140 კომპანიას ასევე აქვს შეტანილი მოთხოვნა ამ სფეროში ოპერირებაზე. უკვე ლიცენზირებულ ბირჟებს არ ექნებათ თავიდან რეგისტრაციისა და რეკვალიფიცირების ვალდებულება, თუმცა ისინი სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ ახალ მოთხოვნებთან, რასაც ზედამხედველობას FSA-ი გაუწევს.

ტერმინი “ვირტუალური ვალუტა” იცვლება ტერმინით “კრიპტო აქტივი”. კრიპტო აქტივების მენეჯმენტი და შენახვა ამიერიდან უნდა მოხდეს ე.წ. “ცივი საფულის” საშუალებით. ეს უკანასკნელი, გამოწვეულია კრიპტო საფულეების გატეხვის სერიოზული შემთხვევებით. კრიპტოვალუტის მენეჯმენტით დაკავებულ ოპერატორებს, რომლებიც ე.წ. “ცხელი საფულის” საშუალებით განკარგავენ აქტივებს, სხვა საგადამხდელო საშუალებებით სხვა ანგარიშზე უნდა ჰქონდეთ ექვივალენტი თანხა დეპონირებული.

ასევე წესდება რეკლამის სტანდარტები მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისთვის. მარეგულირებელთან წინასწარი შეთანხმება  ხდება აუცილებელი ახალი კრიპტო აქტივების ვაჭრობისთვის. ინერგება ახალი პრინციპები და ასევე შეზღუდვები, რითიც მოწესრიგდება არაკეთილსინდისიერი ვაჭრობა, ფასებით მანიპულირება, და სხვ. სახელმწიფო ორგანოებს უჩნდებათ ვალდებულება კრიპტოვალუტის ბიზნესში ჩართული კომპანიების თვითმარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობის.

წყარო

ასევე იხილეთ:
იაპონია საკუთარი კრიპტოვალუტის – J Coin-ის გამოშვებას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის გემავს
ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია
იაპონიის 13 ბანკმა ანგარიშსწორების ბლოკჩეინ აპლიკაციაში ინვესტირება განახორციელა
იაპონიის Amazon-ად წოდებული Rakuten-ი კრიპტობირჟას ქმნის
იაპონიის უდიდესი რკინიგზის ოპერატორი კრიპტოგადახდებს ნერგავს