ევროპის ცენტრალური ბანკი: კრიპტო აქტივები საფრთხეს ვერ უქმნის ფინანსურ სისტემას

By | May 27, 2019

ევროპაში ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლო გავლენის დასადგენად კრიპტოვალუტები საჭიროებენ “ფრთხილ მონიტორინგს”, თუმცა მათი მთლიანი ღირებულება ამ ეტაპზე არ არის ჯერ ისეთი, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნან არსებულ ფინანსურ სისტემას – ნათქვამია ECB-ის (European Central Bank – ევროპის ცენტრალური ბანკი) ანგარიშში.

ეს ანგარიში – “კრიპტო აქტივები: ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენა, მონეტარული პოლიტიკა, ანგარიშსწორება და ბაზრის ინფრასტუქტურა” – მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა და შექმნილია ბანკის ICA-TF-ის (Internal Crypto-Assets Task Force – კრიპტო აქტვების შიდა სამუშაო ჯგუფი) მიერ, რომელიც წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ კრიპტოვალუტების ანალიზის მიზნით შეიქმნა.

40 გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრიპტო აქტივებმა გარკვეული გამოწვევები შექმნეს ფულის გათეთრების, ბაზრის ერთიანობისა და მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით. ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არსებული მარეგულირებელი და საზედამხედველო კანონმდებლობით, კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული რისკი და მათი შესაძლო გავლენა შეზღუდულია და/ან მართვადი; თუმცა, ეს შეფასება შეიძლება შეიცვალოს, მან არ უნდა შეაჩეროს ECB-ის კრიპტო აქტივებზე დაკვირვების პროცესი და ბანკმა უნდა შეიმუშაოს ამ აქტივების ზრდის რეგულირების გეგმა.

შემდეგი თაობის კრიპტოვალუტები

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივების მთლიანი ღირებულება მცირეა ფინანსურ სისტემასთან შედარებით და მათი კავშირიც ფინანსურ სექტორთან შეზღუდულია. არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ევროპული ბანკები ფლობენ კრიპტო აქტივებს; თუმცა სექტორზე დაკვირვება აუცილებელია, რადგან ის ძალიან დინამიურად ვითარდება და მომავალში მის ფინასურ სექტორთან კავშირი გაიზრდება.

ბიტკოინი განიხილება, როგორც პირველი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც ამ სფეროს ფლაგმანია. ვინაიდან ამ ეტაპზე კრიპტოვალუტას ვაჭრობაში ძალიან ცოტა ბიზნესი ხმარობს, მათი გამოყენება რეალურ ეკონომიკაში შეზღუდულია და ის ძირითადად განიხილება, როგორც სპეკულატიური აქტივი.

ამავე დროს ახალი ტექნოლოგიები ვითარდება, მათ შორის ე.წ. stablecoin-ები, რომელთა ღირებულება დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივებთან. მათი შექმნის მიზანია კრიპტოვალუტის ღირებულების არასტაბილურობის აღმოფხვრა. მედიაში უკვე დიდი ხანია საუბარია Facebook-ისა და სხვა დიდი კომპნაიების მიერ დაგეგმილი stablecoin-ების გამოშვებაზე. ანგარიშის მიხედვით, ასეთი stablecoin-ების უმრავლესობა არ წარმოადგენს კრიპტოვალუტას, თუმცა ზოგიერთ ეროვნულ იურისდიქციაში ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ე.წ. “ელექტორნული ფული”.

ანგარიში ასკვნის: “კრიპტო აქტივების დინამიური განვითარება, მათ შორის stablecoin-ების, ქმნის მათზე დაკვირვების აუცილებლობას.. თუ კრიპტო აქტივები გახდება ნაღდი ფულისა და დეპოზიტების სანდო ჩამნაცვლებელი, მონეტარულ პოლიტიკაზე მათი გავლენა რეალურია,”.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში EBA-მ (European Banking Authority – ევროპის საბანკო ადმინისტრაცია) და ESMA-მ (European Securities and Markets Authority – ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრის ადმინისტრაცია) საკუთარი ანგარიშები გამოაქვეყნა ევროპის კონტექსტში კრიპტოვალუტების შესახებ.

EBA-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ “კრიპტო აქტივების უმეტესობა მეტწილად არ ხვდება ევროპულ ფინანსურ რეგულაციებში”.

ESMA-ს ანგარიშში ნათქვამია: მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივები არ წარმოადგენენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, ფინანსური რეგულირების ნორმების არარსებობა ტოვებს ინვესტორებს სერიოზული რისკის ქვეშ; საჭიროა ამ სფეროზე მინიმუმ AML-ის (anti money laundering – ფულის გათეთრების საწინააღმდეგო) რეგულაციების გავრცელება.

ჩვენი პორტალი დიდი ხანია ადვენებს თვალს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი სწორედ ევროკავშირთან დაახლოებაა და უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ევროპული კანონისა და წესის იმპლემენტაცია მოხდა სხვადასხვა სფეროში, რისი ძირითადი მიზეზი ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბები გახდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ კი გავაგრძელებთ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შესახებ სიახლეების თქვენთვის მოწოდებას.

ასევე იხილეთ:
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: “კრიპტო აქტივები ინოვაციაა, რომელიც აუცილებლად დარჩება”
ევროკავშირი კრიპტოვალუტების მომავალზე იმსჯელებს
ევროპარლამენტი: “კრიპტოვალუტა ტრადიციული ფულის ალტერნატივაა”
Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს