იაპონია საკუთარი კრიპტოვალუტის – J Coin-ის გამოშვებას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის გეგმავს

By | May 24, 2019

აპონური ბანკები გეგმავენ კრიპტოვალუტის გამოშვებას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. ეს არის პასუხი ჩინური ინტერნეტ გიგანტის Alibaba-ს ნაბიჯზე, რომელმაც ჩინეთში უკვე დანერგა მობილურით ანგარიშსწორების სისტემა. იაპონური ბანკების კონსორციუმმა, რომელსაც თავში უდგას Mizuho Financial Group და Japan Post Bank, მოიპოვა მხარდაჭერა იაპონიის ცენტრალური ბანკისა და ფინანსური მარეგულირებლისგან ე.წ. J Coin-ის გამოშვებაზე. ეს იქნება ციფრული ვალუტა, რომლითაც მობილურით ანგარიშსწორება და გადარიცხვები იქნება შესაძლებელი.

ერთი J Coin-ის კურსი იქნება ერთი იაპონური იენი – ე.წ. stablecoin. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონის აპლიკაციით და QR კოდის გამოყენებით. ამ სერვისით უფასოდ სარგებლობის სანაცვლოდ, ბანკები მიიღებენ ფასეულ ინფორმაციას მომხმარებელთა ხარჯვის ტენდენციების შესახებ.

“მე ვფიქრობ ელექტრონული ფული ძალიან წინ უსწრებს ტრადიციულ საკრედიტო და დებეტ ბარათებს, რადგან მაღაზიაში მათი გამოყენებისას კომერციული ობიექტი აუცილებლად იხდის რაღაც გადასახადს” – განაცხადა იასუჰირო სატომ, Mizuho Financial Group-ის პრეზიდენტი და მმართველი.

პარალელურად, Mitsubishi UFJ Financial Group-ი (MUFG) მუშაობს ე.წ. MUFG Coin-ის შექმნაზე, რომელიც იქნება ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტა. თუმცა წამყვან ბანკებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები MUFG Coin-ის J Coin-თან შერწყმასთან დაკავშირებით. “ჩვენ ვიცით J Coin-ის კონცეფციის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული პასუხისგან. გვინდა, რომ MUFG Coin-ის განვითარების შედეგად მიღწეული ცოდნა და გამოცდილება გამოყენებულ იქნას მთელ იაპონიაში, ასევე სხვა ბანკების მიერ. მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ არაფერია  გადაწყვეტილი” – განაცხადა MUFG-ის წარმომადგენელმა.

რამდენიმე დიდი იაპონური ბანკი უკვე დიდი ხანია ლობირებს მთავრობასთან და მარეგულირებლებთან Alibaba-ს Alipay-ის საფრთხეზე, რომელმაც უკვე გახსნა თავისი წამრომადგენლობები და დაიწყო სერვისების შეთავაზება იაპონიის უდიდეს ქალაქებში. იაპონური ბანკების თქმით, მთელი ინფორმაცია იაპონელი მომხმარებლების შესახებ მოხვდება ჩინელების ხელში.

J Coin-ის ინიციატორების მიზანია იაპონიის ფინტექის განვითარების მაღალი დონის წარმოჩენა 2020 წლის ოლიმპიადაზე, როდესაც მილიონობით ტურისტი ეწვევა ქვეყანას. “კარგი იქნებოდა თუ უკლებლივ ყველა იაპონური ბანკი ჩაერთვება პროექტში. ჩვენ არ გვინდა ამ იდეის მითვისება, პირიქით, გვინდა ღია ფორმის ინოვაცია და განვითარება” – განაცხადა იასუჰირო სატომ.

J Coin-ის მიზანია ასევე იაპონელების ნაღდ ფულზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, რადგან ტრანზაქციების 70% ქვეყანაში სწორედ რომ ნაღდი ფულით ხდება. ეს მაჩვენებელი ყველა განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით ძალიან დიდია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ნაღდი ფულის გამოყენება დაახლოებით 30% ტრანზაქციებისთვის ხდება.

“ჩვენ გვიყვარს ნაღდი ფული, რადგან იაპონელები უსაფრთხოების ზედმეტად მოყვარული ხალხია. თუმცა ნაღდი ფულის გამოყენება თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან არაეფექტურია, ამიტომ ის უნდა ჩავანაცვლოთ ელექტრონული ფულით” – დაამატა ბატონმა სატომ.

ცვლილების შედეგად, წინასწარი გათვლით, სულ ცოტა 10 მილიარდი იაპონური იენი შეემატება ეკონომიკას, რაც ამჟამად ნაღდი ფულის სისტემის შენახვაზე იხარჯება; ასევე შემცირდება ზედმეტი ხარჯები, რომელსაც ბიზნესები იხდიან.

J Coin-ის ოფიციალური წარდგენა ძალიან მალე იგეგმება.

ჩვენი პორტალი სისტემატიურად აშუქებს იაპონიაში კრიპტოვალუტის განვითარების პროცესს. ჩინეთში კრიპტოვალუტის განვითარების იაპონიაზე გავლენას ვრცელი სტატია მუვუძღვენით – “ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია”. აღსანიშნავია 2014 წელს ჩინეთში მომხდარი ტექნოლოგიური რევოლუცია, როდესაც ყველაზე პოპულარულმა ჩინურმა ჩატის აპლიკაცია Tencent-მა დანერგა QR კოდით გადახდის სერვისი. ეს სერვისი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მან გადატრიალება მოახდინა ჩინეთში გადახდების სფეროში. სულ რაღაც 5 წელიწადში ამ სიახლემ სრულიად შეცვალა ჩინეთის ტექინდუსტრია და “უქეშო” გადახდის მეთოდი ბევრად უფრო მარტივი და მომგებიანი გახდა ვიდრე Visa და Mastercard. ახლა კი, ტურიზმის წყალობით ეს რევოლუცია იაპონიაშიც მოხდა და  კიდევ უამრავ ქვეყანაში მოხდება.

წყარო

ასევე იხილეთ:
ჩინელი ტურისტების იაპონიის “უქეშო” რევოლუცია
იაპონიის 13 ბანკმა ანგარიშსწორების ბლოკჩეინ აპლიკაციაში ინვესტირება განახორციელა
იაპონიის Amazon-ად წოდებული Rakuten-ი კრიპტობირჟას ქმნის
იაპონიის უდიდესი რკინიგზის ოპერატორი კრიპტოგადახდებს ნერგავს