აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა “სატოში ნაკამოტოს” უპასუხა

By | May 23, 2019

აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა (U.S. Copyright Office) კრეგ ვრაიტს (Craig S. Wright) გასცა პასუხი მის მოთხოვნაზე იურიდიულად დაარეგისტრიროს საავტორო უფლებები ბიტკოინის White Paper-ზე  და ბიტკოინის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ ჩვენი პორტალი უკვე წერდა.

მიმდინარე წლის 22 მაისს საავტორო უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პასუხში ვკითხულობთ:

“როგორც წესი, როდესაც საავტორო უფლებების ოფისი იღებს რეგისტრაციისთვის აპლიკაციას, მოსარჩელე/მომთხოვნი ადასტურებს წარმოდგენილი მასალებისა და მისი განცხადების სისწორეს.

რეგისტრაცია წარმოადგენს ინტერესის მოთხოვნას საავტორო უფლებების კანონით დაცულ ნამუშევარზე და არა მოთხოვნის სიმართლის დადგენას. საავტორო უფლებების ოფისში შესაძლებელია რამდენიმე ერთმანეთის საწინააღმდეგო მოთხოვნის დარეგისტირება. ოფისს, ასეთ მოთხოვნებზე შეწინააღმდეგების არანაირი პროცედურა არ გააჩნია; მაგალითად ისეთი, როგორიც აქვს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისს (Patent and Trademark Office) პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციისას. რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ დავები შეიძლება განხილულ იქნას ფედერალურ სასამართლოებში, მათ შორის საავტორო უფლებებთან დაკავშირებითაც. ის ვინც შეგნებულად გააყალბებს და არასწორ ინფორმაციას მიაწოდებს ოფისს შეიძლება დაჯარიმდეს.

საავტორო უფლებების ოფისის მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის განხილვა ძირითადად დაკავშირებულია შემდეგ საკითხთან – ექვემდებარება თუ არა წარმოდგენილი ნამუშევარი დაცვას საავტორო უფლებების აქტის (Copyright Act) შესაბამისად და აკმაყოფილებს თუ არა აპლიკაცია რეგისტრაციისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. საავტორო უფლებების ოფისი შეიძლება დაუკავშირდეს მომთხოვნს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნამუშევარი შეიცავს ისეთ ნაწილს, რომლის ავტორიც უკვე ცნობილია.

იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი რეგისტრირებულია ფსევდონიმით, საავტორო უფლებების ოფისი არ იძიებს არსებობს თუ არა კავშირი მომთხოვნსა და ფსევდონიმით მოსარგებლე ავტორს შორის.

კრეგ ვრაიტისთვის გაცემულ ორი რეგისტრაციის განხილვის დროს, საავტორო უფლებების ოფისს ჰქონდა ინფორმაცია კარგად ცნობილი ფსევდონიმის – “სატოში ნაკამოტოს” შესახებ და თხოვა აპლიკანტს დაედასტურებინა, რომ კრეგ ვრაიტი იყო ავტორი. რაც ბატონმა ვრაიტმა დაადასტურა.

ეს მიმოწერა არის საჯარო რეგისტრაციის ჩანაწერი”.

ამ რეგისტრაციის მიუხედავად კრიპტო თანამეგობრობას არ სჯერა კრეგ ვრაიტის და ისინი ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ ერთი ფორმაა, რომლის შევსებაც და რეგისტრაციის აღებაც ყველას შეუძლია.

ჩვენი პორტალი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამ პროცესს და გაგიზიარებთ, თუ როგორ განვითადება მოვლენები.