Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს

By | May 18, 2019

სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა შვეიცარიაში დააფუძნა ახალი ფინანსური სერვისების კომპანია – Libra Networks. ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ ჟენევის სავაჭრო რეესტრში (Geneva Commercial Register) მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შევიდა, რომელიც ამ უკანასკნელმა ოფიციალურად 2 მაისს დაარეგისტრირა. განაცხადის წარმდგენი არის Facebook-ის სათავო კომპანია Facebook Global Holdings-ი.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ახალ კომპანიას შემდეგი სერვისების შეთავაზება აქვს განზრახული: “ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში სერვისები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, კერძოდ, საინვესტიციო საქმიანობა, ანგარიშსწორება, გადახდების ოპერირება, ფინანსირება, იდენტიფიკაციის მენეჯმენტი, დიდი ინფორმაციის ანალიზი, ბლოკჩეინი და სხვა დაკავშირებული ტექნოლოგიები”.

Facebook-მა გასული წლის ივნისში აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი “Libra”. გავრცელებული ხმებით, Facebook-ი უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს საკუთარი კრიპტოვალუტის ე.წ. stablecoin-ის გამოშვებას.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ აიყვანა ორი მაღალი რანგის მენეჯერი, რომელიც კრიპტოვალუტის საკანონმდებლო შესაბამისობის საკითხებზე იმუშავებენ და რომლებიც Facebook-მა აშშ-ს ერთერთი უდიდესი კრიპტობირჟიდან Coinbase გადმოიბირა.

ჩვენი პორტალი დიდი ხანია ადევნებს თვალყურს სოციალური მედიის გიგანტში მიმდინარე მოვლენებს და როგორც ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ცნობილია, სათავო ოფისმა მიმდინარე წლის მარტში ბლოკჩეინის დეპარტამენტში 5 ვაკანსია გამოაცხადა, კერძოდ, ზრდის პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, მონაცემების სპეციალისტი, პროგრამირების სპეციალისტი და ბიზნეს ოპერაციების სპეციალისტი. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით ირკვეოდა, თუ რა მიმართულებით გეგმავდა კომპანია ტექნოლოგიის იმპლემენტაციას: “ბლოკჩეინის გუნდი არის სტარტაპი Facebook-ში და ჩვენ ვიკვლევთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების ყველა შესაძლო მიმართულებას. ჩვენი საბოლოო მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს ისეთი პროდუქტებისადმი წვდომაში, რაც მათ აქამდე არ ჰქონდათ – ეს შეიძლება იყოს ჯანდაცვა, ფინანსური სერვისები, ან ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახალი გზები”.

Facebook-მა ასევე აიყვანა იურისტი ბლოკჩეინსა და გადახდების საკითხებში. მისი ფუნქცია ბლოკჩეინის ინიციატივებთან დაკავშირებული კონტრაქტების შედგენა და მოლაპარაკებების წარმოებაა; ასევე, კლიენტებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციის გაწევა. სულ ბლოკჩეინის დეპარტამენტში უკვე 30-ზე მეტი ვაკანსია შეივსო.

Facebook-ის კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში ჩართვა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ამ სფეროზე. ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ კომპანიაში მიმდინარე პროცესებს და მომავალშიც უამრავ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

Facebook-ი ბლოკჩეინის სპეციალისტების აყვანას აგრძელებს

Facebook-ი ბლოკჩეინის განყოფილებას ამატებს

Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას განიხილავს