საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს

By | May 1, 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საკუთარი ბლოკჩეინის ქსელი და ე.წ. “კვაზი კრიპტოვალუტა” შექმნეს, რომელსაც ეწოდება – “სასწავლო კოინი” (“Learning Coin”). მისი გამოყენება მხოლოდ ამ ორი ორგანიზაციის შიგნით იქნება შესაძლებელი და მას არ ექნება კონკრეტული ფულადი ღირებულება.

“სასწავლო კოინი”-ს შექმნის მიზანია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის უკეთესად შესწავლა. ორგანიზაციები მას გამოიყენებენ ბლოგების, კვლევების, ვიდეო მასალისა და პრეზენტაციების შესანახად. ტესტირების დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლები კონკრეტული საგანმანათლებლო დავალებების შესრულების შემდეგ გამოიმუშავებენ ახალ კოინებს.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, “კრიპტო აქტივები და განაწილებული დავთარის ტექნოლოგია (distibuted ledger technology – DLT) ძალიან სრაფად ვითარდება, ასევე იზრდება ინფორმაციაც მათ შესახებ. ეს აიძულებს ცენტრალურ ბანკებს, მარეგულირებლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აღიარონ ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც არსებობს კანონმდებლებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებს, ეკონომისტებსა და ტექნოლოგიას შორის”. საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს ასევე დაგეგმილი აქვთ ბლოკჩეინის გამოყენება სმარტ კონტრაქტებისთვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისა და გამჭირვალობის ამაღლებისთვის.