ბანკის გამოშვებული პირველი კრიპტოვალუტა

By | May 1, 2019

საბანკო გიგნატმა JPMorgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება დააანონსა. JPM Coin-ი, როგორც მას ეწოდება, რამდენიმე თვეში გამოვა. ახალი კოინის ძირითადი ფუნქცია ბანკთაშორისი სწრაფი და იაფი გადარიცხვების უზრუნველყოფა იქნება.

ეს სიახლე ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან JPMorgan-ის ხელმძღვანელი ჯემი დაიმონი ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულებით კრიპტოვალუტის მიმართ. თუმცა ბანკის დეველოპერები დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის საკითხებზე და დადგა დრო, როდესაც ბანკმა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება გადაწყვიტა.

ბანკის ბლოკჩეინის მიმართულების ხელმძღვანელი უმარ ფარუქი ამბობს: “დღეს უამრავი რამ გადადის ბლოკჩეინზე და JPM Coin-ი ბანკის ამ მიმართულებით განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება. შესაძლებლობები ამოუწურავია”.

მიუხედავად კრიპტოვალუტის მიმართ JPMorgan-ის ოფიციალური კრიტიკული დამოკიდებულებისა, ორგანიზაცია მხარს უჭერს რეგულირებულ კრიპტოვალუტას. ამ ეტაპისთვის, JPM Coin-ი იქნება ე.წ. “stablecoin”-ი და მისი ერთი ერთეულის ღირებულება ერთი აშშ დოლარის ფასი იქნება. ღირებულება არ შეიცვლება და მას ცალკე კურსი არ ექნება.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მას შემდეგ რაც ბანკში დოლარის დეპონირება მოხდება, კლიენტს იგივე რაოდენობის კოინი გადაეცემა. კლიენტი შემდეგ ამ კოინებს გამოიყენებს ანგარიშსწორებისთვის, გადარიცხვებისთვის და ფასიანი ქაღალდების ბლოკჩეინზე შესყიდვისთვის. მას შემდეგ, რაც ყველა ოპერაცია განხორციელდება ბანკი გაანადგურებს იმ კოინებს რაც კლიენტზე გასცა და დაუბრუნებს მას შესაბამისი რაოდენობის აშშ დოლარს.

JPM Coin-ის შექმნას სამი ძირითადი მიზანი აქვს: (1) დიდი კორპორატიული კლიენტებისთვის ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების, (2) ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებისა და (3) სახაზინო მომსხურების იაფად, სწრაფად და გამჭირვალედ უზრუნველყოფა.