აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ICO-ების პირველ გზამკვლევს აქვეყნებს

By | April 5, 2019

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) გამოსცა პირველი ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც ის არწმუნებს სტარტაპებში ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ კაპიტალის მოზიდვას ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების სახით, რომ კომისია მათ მიმართ იძულების ღონისძიებებს არ გაატარებს. კომისიამ, ასევე, გამოსცა ცალკე დოკუმენტი, სადაც განმარტებულია SEC-ის მომავალი გადაწყვეტილებების კრიტერიუმები ამ სფეროში.

ეს პრეცენდენტული წერილი, რომელსაც ეწოდება “No Action Letter”, მიიღო სტარტაპმა TurnKey Jets, რომელიც კლიენტებს სთავაზობს კერძო თვითმფრინავით მომსახურების სრულ სერვისს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კომპანიის ვებგვერდზე კრიპტოვალუტის ხსენებაც კი არ არის, რამაც, სავარაუდოდ, გადამწყვეტი როლი ითამაშა კომისიის პოზიციაზე.

როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში SEC-მა შექმნა ინიციატივა – “FinHub”, რომლის ფუნქცია კრიპტოვალუტისა და ფინანსური ინოვაციების სფეროს ზედამხედველობაა. სწორედ ამ განყოფილებამ გამოსცა მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – “ციფრული აქტივების საინვესტიციო კონტრაქტების ანალიზის გზამკვლევი” (“Framework for ‘Investment Contract’ Analysis of Digital Assets”), რომელიც განმარტავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზე დაყრდნობითაც კომისია მომავალში გადაწყვეტილებებს მიიღებს.

 “რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, მაგრამ ბაზრის მოთამაშეებს კარგ წარმოდგენას უქმნის, თუ როგორ უყურებს და განიხილავს SEC-ი მსგავს საკითხებს”, – განაცხადა კომისიის კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბილ ფინმანმა.

“No Action Letter”-ი შეიცავს 6 ძირითად პუნქტს, რომელიც TurnKey Jets-ს ეხება. კომპანიას გაცხადებული ჰქონდა, რომ ის ტოკენებიდან მიღებულ შემოსავალს პლატფორმის, ქსელისა და აპლიკაციის განვითარებისთვის არ გამოიყენებდა; ისინი სრულად განვითარებული და ამოქმედებული იქნებოდა ტოკენების გაყიდვის მომენტისთვის. ასევე, მგზავრობის სერვისის შესაძენად ტოკენების გამოყენება შესაძლებელი იქნება მათი გაყიდვისთანავე.

“ციფრული აქტივების გაყიდვის დროისთვის, გამყიდველს სრულიად ფუნქციონირებადი ქსელი ექნება”, – განაცხადა ვალერი სზეპანიკმა, რომელიც არის კომისიის ინოვაციებსა და ციფრულ საკითხებში მთავარი მრჩეველი. სზეპანიკი კომისიამ 2018 წლის ივნისში აიყვანა და მედიამ ის დანიშვნისთანავე მონათლა “კრიპტო მეფედ” (“Crypto Czar”), “კრიპტო შერიფად” (“Crypto Sheriff”), რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ სწორედ 2018 წლის ივნისიდან ფასიანი ქაღალდების კომისიამ აშშ-ს მოუწესრიგებელ კრიპტო და ბლოკჩეინ სივრცეში ამ სფეროში მთავარი ადამიანი დანიშნა.

სზეპანიკმა, ფინმანმთან ერთად, შექმნა 13-გვერდიანი “ციფრული აქტივების საინვესტიციო კონტრაქტების ანალიზის გზამკვლევი”, რომელშიც SEC-ი განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს “Howey Tes”-ის გამოყენება ბლოკჩეინზე შექმნილი ციფრული აქტივების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ SEC-ი ვირტუალურ აქტივებს 1933 წლის “ფასიანი ქაღალდების აქტის” (Securities Act of 1933) რეგულირების სფეროში მოაქცევს. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 1946 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა ე.წ. “ჰოვეის ტესტი” (“Howey Test”), რომლის საფუძველზე ხდება აქტივის ფასიან ქაღალდად განხილვა.

“ჰოვეის ტესტი”-ს მიხედვით ისეთი ტრანზაქცია, რომლის ინვესტიციად განხილვაც შეიძლება, წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. სწორედ ამ განმარტების საფუძველზე თვლის SEC-ი თითქმის ყველა ICO-ს (მონეტის პირველადი შეთავაზება) ფასიან ქაღალდად. ეს იმიტომ, რომ ინდივიდები ახდენენ ინვესტიციას ICO-ში (საერთო საწარმო) პროექტისგან ან მესამე პირისგან მოგების მიღების მიზნით.

აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კონგრესი იწყებს ახალი კანონპროექტების განხილვას, რომლის ავტორებიც ამტკიცებენ, რომ თითქმის საუკუნის წინანდელი განმარტება ვერ იქნება ადექვატური ისეთი ნიუანსებით აღსავსე ახალი ტექნოლოგიის განმარტებისას, როგორიცა კრიპტოვალუტაა.

“ციფრული აქტივების საინვესტიციო კონტრაქტების ანალიზის გზამკვლევი”-ს ძირითადი ნაწილი ეთმობა, თუ რას განიხილავს კომისია “სხვების საქმიანობიდან მოგების მიღების გონივრულ მოლოდინად”, რაც არის “ჰოვეის ტესტი”-სთვის მთავარი ფაქტორი.

გზამკვლევის მე-9 გვერდზე ჩამოთვლილია 12 მახასიათებელი, რომლის არსებობის შემთხვევაში ტოკენების შეთავაზებას ნაკლები შანსი აქვს გაიაროს “ჰოვეის ტესტი”. პირველი ორი ყველაზე მნიშვნელოვანია: (1) განაწილებული დავთარის ქსელი და ციფრული აქტივები სრულიად განვითარებული და ფინქციონირებადია; (2) ციფრული აქტივების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ შეძენისთანავე გამოიყენონ ისინი ქსელში შესაბამისი დანიშნულებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, სადაც მათი გამოყენება წახალისებულია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, თუ ხელისუფლების ყველა შტო რა დიდი ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ამ სფეროს ხელშეწყობასა და განვითარებას.

ასევე იხილეთ:

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტო სფეროს იურისტს ეძებს

აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონმდებლობას განიხილავს