აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტო სფეროს იურისტს ეძებს

By | April 3, 2019

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (Securities and Exchange Commission – SEC) მიმდინარე წლის 29 მარტს ვაჭრობისა და ბაზრების დეპარტამენტში გამოაცხადა იურიდიულ საკითხებში მრჩეველის ვაკანსია, რომელიც ასევე კრიპტო სფეროს სპეციალისტი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ოფიციალურად გამოქვეყნდა აშშ-ს ფედერალური დასაქმების პორტალზე.

ახალი თანამშრომელის ძირითადი საქმიანობა იქნება კრიპტო და ციფრული ფასიანი აქტივების სფეროს მარეგულირებელი ინიციატივების მომზადება. განცხადების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ამ სფეროში ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება და უნდა გახდეს კომისიის მთავარი საკონტაქტო პირი სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებლებთან, ბაზრის მონაწილეებთან და ზოგადად საზოგადოებასთან ურთიერთობებში.

იურიდიულ საკითხებში მრჩეველის წლიური ანაზღაურება $144,850-238,787 იქნება და მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება, უნდა იყოს იურისტთა ასოციაციის წევრი კარგი რეპუტაციით, ჰქონდეს ფასიანი ქაღალდების საკითხებში დიდი გამოცდილება და ა.შ.

როგორც ცნობილია, ეს არ არის SEC-ის მიერ კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხებში სპეციალისტის აყვანის პირველი შემთხვევა. მათ 2018 წლის ივნისში ვალერი სზეპანიკი აიყვანეს, რომელიც არის კომისიის ინოვაციებსა და ციფრულ საკითხებში მთავარი მრჩეველი. სზეპანიკი მედიამ დანიშვნისთანავე მონათლა, როგორც “კრიპტო მეფე” (“Crypto Czar”), “კრიპტო შერიფი” (“Crypto Sheriff”).. რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ სწორედ 2018 წლის ივნისიდან აშშ-ს მოუწესრიგებელ კრიპტო და ბლოკჩეინ სივრცეში ფასიანი ქაღალდების კომისიამ ამ სფეროში მთავარი ადამიანი დანიშნა.