ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”

By | April 3, 2019

ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საკითხებში მინისტრმა – მარგარეტ შრამბოეკმა განაცხადა: “ჩვენ არ გვჭირდება ბლოკჩეინის რეგულირება”.

მან ეს მიმდინარე წლის 2 აპრილს ANON Blockchain Summit-ზე, კერძოდ, “მთავრობის როლი ბლოკჩეინის ერაში” პანელზე თქვა. აღსანიშნავია, რომ შრამბოეკი მინისტრობამდე ხელმძღვანელობდა ავსტრიის უდიდეს ფიქსირებული და მობილური ტელეფონების ოპერატორს – A1 Telekom Austria-ს.

ბლოკჩეინის რეგულირებაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ “ევროპას მუდმივად აქვს ზედმეტი რეგულირების ტენდენცია.. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ არ არის ჩვენი კომპანიები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ათეულში”.

მიუხედავად იმისა, რომ შრამბოეკი კრიპტოვალუტის რეგულირების მომხრეა, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბლოკჩეინის რეგულირებას. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებლის (Austrian Financial Market Authority – FMA) დირექტორთა საბჭოს ორმა წევრმა, კლაუს კუმპფმუელერმა და ჰელმუნდ ეტლმა, გასული წლის ივნისში წამოწიეს კრიპტოვალუტისა და ICO-ის (მონეტის პირველადი შეთავაზება) რეგულირების საკითხი.

მინისტრმა თქვა, რომ ტექნოლოგია ძალიან საინტერესოა სახელმწიფო დონეზე დასანერგად; თუმცა ჯერ საჭიროა ბლოკჩეინის კარგად შესწავლა და გამოცდა, სანამ მისი დანერგვა სახელმწიფოებრივ პროცესებში მოხდება, მაგალითად, ხმის მიცემის სისტემის მოდერნიზებისთვის. შრამბოეკს სურს ბლოკჩეინი აქტიურად გამოიყენოს საჯარო ადმინისტრირების სხვადასხვა სფეროში.

ავსტრიამ საკმაოდ ღია დამოკიდებულება გამოიჩინა ბლოკჩეინთან მიმართებაში და ამ ტექნოლოგიის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ გასული წლის ნოემბერში ქალაქ ვენაში ავსტრიის ბლოკჩეინის ცენტრიც (Austrian Blockchain Center) კი შექმნა.