აშშ-ს კონგრესი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონმდებლობას განიხილავს

By | April 2, 2019

აშშ-ს კონგრესის წევრებმა დარენ სოტომ (დემოკრატიული პარტია, ფლორიდა) და უორენ დავიდსონმა (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ვირტუალური ვალუტების შესახებ ორი ახალი კანონპროექტი წარადგინეს: “H.R. 922 – 2019 წლის ვირტუალური ვალუტის მომხარებელთა დაცვის აქტი” (“H.R. 922 – Virtual Currency Consumer Protection Act of 2019”) და “H.R. 923 – 2019 წლის აშშ-ს ვირტუალური ვალუტის ბაზრისა და რეგულირების კონკურენციის აქტი” (“H.R. 923 – U.S. Virtual Currency Market and Regulatory Competitivenes Act of 2019”). მართალია, ისინი კონგრესში ოფიციალურად მიმდინარე წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა, სწორედ უახლოეს მომავალში იგეგმება მათი განხილვა. მხარდამჭერები არიან, ასევე, სხვა კონგრესმენებიც, კერძოდ, ტედ ბადი (რესპუბლიკური პარტია, ჩრდილოეთ კაროლინა) და ბონი ვატსონ კოლმანი (დემოკრატიული პარტია, ნიუ ჯერსი).

„H.R. 922 – ვირტუალური ვალუტის მომხარებელთა დაცვის აქტი“

ეს კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ს ფუჩერსების სავაჭრო კომისიის (Commodity Futures Trading Commission – CFTC) თავმჯდომარეს, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონკრეტულ კომიტეტებს წარუდგინოს ვირტუალური ვალუტის ფასის მანიპულირების საფუძვლიანი კვლევის ანგარიში კანონის მიღებიდან ერთი წლის ვადაში. ანგარიში უნდა მომზადდეს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიისა (Securities and Exchange Commission – SEC) და იმ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციით, რომელსაც CFTC-ის თავმჯდომარე ჩათვლის საჭიროდ. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს: ვირტუალური ვალუტის ფასის მანიპულირების შესაძლო მეთოდებს; ამ კუთხით განსაკუთრებულად მოწყვლადი ვალუტების კლასებს; პოტენციური ეფექტს ბაზარზე და ინვესტორებისთვის ზარალის საკითხებს; მოქმედი კანონმდებლობით ფედერალური სააგენტოების მიერ ბაზრის ზედამხედველობისა და აღსრულების ღონისძიებების შესაძლებლობების ანალიზს; კანონმდებლობის შეცვლის რეკომენდაციებს, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს ბაზრის უკეთესად ზედამხედველობისა და ფასების მანიპულირების შემთხვევების პრევენციის საშუალებას მისცემს.

H.R. 922 განსაზღვრავს შემდეგნაირად განმარტავს “ვირტუალურ ვალუტას” – “ფასეულობის ციფრული გამოხატულება, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული სტატუსი და გამოიყენება, როგორც გაცვლის, აღრიცხვისა და ფასეულობის შენახვის საშუალება”. ეს განმარტება ძალიან ჰგავს H.R. 7356 – 2018 წლის “ტოკენების კლასიფიცირების აქტის” (“Token Taxonomy Act of 2018”) კანონპროექტში ასახულ განსაზღვრებას, რაც ადასტურებს კონგრესის მცდელობას, მიიღოს ვირტუალური ვალუტის განსაზღვრება და რაც გახდება შემდგომი კანონმდებლობის განვითარების საფუძველი.

H.R. 7356 – 2018 წლის “ტოკენების კლასიფიცირების აქტის” (“Token Taxonomy Act of 2018”)

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტის ავტორები არიან ახლანდელი კანონპროექტის ავტორები (სოტო და დავიდსონი) და მათ ეს პროექტი კონგრესში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარადგინეს.

კანონპროექტის მიზანია, კრიპტოვალუტის გამორიცხვა “ფასიანი ქაღალდების” განსაზღვრებიდან. მისი მიღების შემთხვევაში აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობა აღარ გავრცელდება ვირტუალურ ვალუტაზე მას შემდეგ, რაც მაგალითად, კონკრეტული პროექტი სრულად ფუნქციონირებადი ქსელი გახდება.

დღეს SEC-ი ვირტუალურ აქტივებს მოაქცევს 1933 წლის “ფასიანი ქაღალდების აქტის” (Securities Act of 1933) რეგულირების სფეროში. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 1946 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა ე.წ. “ჰოვეის ტესტი” (“Howey Test”), რომლის საფუძველზე ხდება აქტივის ფასიან ქაღალდად განხილვა.

“ჰოვეის ტესტი”-ს მიხედვით ისეთი ტრანზაქცია, რომლის ინვესტიციად განხილვაც შეიძლება, წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. სწორედ ამ განმარტების საფუძველზე თვლის SEC-ი თითქმის ყველა ICO-ს (მონეტის პირველადი შეთავაზება) ფასიან ქაღალდად. ეს იმიტომ, რომ ინდივიდები ახდენენ ინვესტიციას ICO-ში (საერთო საწარმო) პროექტისგან ან მესამე პირისგან მოგების მიღების მიზნით.

თუმცა, ახალი კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ თითქმის საუკუნის წინანდელი განმარტება ვერ იქნება ადექვატური ისეთი ნიუანსებით აღსავსე ახალი ტექნოლოგიის განმარტებისას, როგორიცაა კრიპტოვალუტა. ამ მოსაზრებას იზიარებს ბლოკჩეინისა და კრიპტოსამყაროს სფეროს თითქმის ყველა პატივსაცემი მოთამაშე. ავტორებისთვის მათი მცდელობა ინტერნეტის ადრეულ წლებში მომხდარი მოვლენების ანალოგიაა. დავიდსონი ამბობს: “ინტერნეტის ადრეულ წლებში კონგრესმა შეიმუშავა კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა სანდოობას, მაგრამ არ გულისხმობდა ზედმეტ რეგულირებას. ჩვენი მიზანია, ეკონომიკისა და ინოვაციურ სივრცეში ამერიკის ლიდერშიფის კიდევ ერთი გამარჯვება”.

“H.R. 923 – 2019 წლის აშშ-ს ვირტუალური ვალუტის ბაზრისა და რეგულირების კონკურენციის აქტი”

ეს კანონპროექტიც ავალდებულებს CFTC-ს თავმჯდომარეს (SEC-ისა და იმ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციით, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ), წარადგინოს კვლევის ანგარიში ვირტუალური ბაზრის ანალიზის და ამ სფეროში ამერიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესახებ.

დოკუმენტი უნდა შეიცავდეს: ვირტუალური ვალუტის ბაზრის რეგულირების აშშ-სა და საერთაშორისო პრაქტიკის შედარებით ანალიზს; აშშ-ს საქონლით ვაჭრობის ბაზარზე ბლოკჩეინისა და ვირტუალური ვალუტის პოტენციური სარგებლიანობის შეფასებას; საკანონმდებლო ცვლილებებს ვირტუალური ვალუტის საქონლით ვაჭრობის ბაზარზე უკეთესად დამკვიდრებისთვის, რათა გაიზარდოს ფედერალური სააგენტოების შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ აშშ-ს კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკის ზრდას; საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ფედერალური სააგენტოები უკეთ შეძლებენ განსაზღვრონ, რომელი ვირტუალური ვალუტების განხილვა შეიძლება როგორც საქონელის და ამ სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდის შედარებით ანალიზს.

H.R. 923 ასევე ავალდებულებს მარეგულირებლებს, წარმოადგინონ ან შეაფასონ ვირტუალური ვალუტის ბირჟების მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მოიცავს ფედერალურ ლიცენზირებას, ბაზრის ზედამხედველობას და მომხმარებლების დაცვას.

H.R. 7356, H.R. 923 და H.R. 922 კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს აშშ-ს კონგრესი დააწიოს ქვეყნის კანონმდებლობა მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს აშშ-ს კონკურენტული უპირატესობის ზრდას ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროში.