აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში კრიპტოვალუტებზე და ფულის გათეთრებაზე

By | March 29, 2019

2019 წლის “ანგარიში ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის შესახებ”, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ორ ნაწილად არის მომზადებული. პირველი უშუალოდ ეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემას, მეორე კი ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულს. საქართველო ფულის გათეთრების მთავარ ქვეყნებს შორის არის დასახელებული. ანგარიშის მიხედვით ამ ჯგუფში შედიან ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტიკების კონტრაბანდიდან შემოსული ფულიც ხვდება.

“საქართველოში უკანონო შემოსავლების უმეტეს ნაწილს იღებენ საბანკო თაღლითობიდან, კიბერდანაშაულიდან და თანხების მითვისებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაკოტიკების შემთხვევებზე პარალელური ფინანსური გამოძიება, არსებობს მცირე მყარი მტკიცებულება ვივარაუდოთ, რომ ნარკოტიკებიდან მიღებული უკანონო შემოსავლების მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა ვინაიდან საქართველო მდებარეობს ტრაფიკინგის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, ნაღდი ფულის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების ალბათობა მაღალია,”-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია კიბერდანაშაულზე და აღნიშნულია, რომ საქართველო ხშირად საერთაშორისო ჯაჭვის ერთი რგოლია.

„უკანონო შემოსავლების წყარო ძირითადად თაღლითობა და კიბერდანაშაულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. სოციალური სქემები ყველაზე ხშირად გამოიყენება მასშტაბური მარკეტინგული თაღლითობისთვის. საბანკო და ფულის გადარიცხვის სისტემები თანხების მიმოქცევის მთავარი საშუალებაა და ხშირად საქართველო საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯაჭვის მხოლოდ ერთი დამაკვშირებელი რგოლია. საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს იყენებენ ერთი იურისდიქციიდან მეორეში თანხების გადარიცხვისთვის”.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა კრიპტოვალუტის სფეროც: “ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ძალიან პოპულარული ხდება საქართველოში. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ქვაყანა არის ასევე პოპულარული ადგილი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის. საქართველოს არ გააჩნია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრუქტურები და ამ დარგის მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტი ყავს. საჭიროა ქვეყნისთვის ამ მიმართულებით დახმარება, რათა შეიქმნას საუკეთესო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურები, გაუმჯობესდეს ანალიტიკური შესაძლებლობები და დაიხვეწოს კანონმდებლობა”.