ამერიკის შემდეგ, კანადაც კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდას უშვებს

By | March 29, 2019

ონტარიოს ქალაქ ინისფილში (კანადა) დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც აძლევს საშუალებას ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტით გადაიხადონ ქონების გადასახადი. ინისფილის ქალაქის საბჭომ 27 მარტს დაამტკიცა ეს პროექტი.

კრიპტოვალუტით გადახდების სფეროში მოღვაწე კომპანია Coinberry Pay-სთან თანამშრომლობით მოქალაქეები შეძლებენ ქონების გადასახადის გადახდას ბიტკოინით. კომპანია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის კანადურ დოლარში გადახურდავებას, რითიც მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება მუნიციპალიტეტთან. იგეგმება, პროექტის გაფართოება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ამ გადასახადის გადახდა ეთერიუმით (ETH), ლაითკოინით (LTC), ბიტკოინ ქეშითა (BCH) და რიპლით (XRP).

ინისფილის მერის განცხადებით ახალი გადახდის საპილოტე პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ პრიორიტეტს ანიჭებენ მათ ქალაქში და ზოგადად კანადაში ინოვაციებს. 2017 წლიდან ქალაქში გადასახადებით სუბსიდირებული მგზავრობის პროგრამა მოქმედებს, რომელიც კომპანია Uber-თან თანამშრომლობით ხორციელდება და ეწოდება Innisfil Transit.

მეზობელ აშშ-ში, ოჰაიოს შტატი იყო პირველი ვინც დაუშვა გადასახადების გადახდა ბიტკოინით. ბიზნესებს შეუძლიათ 23 სხვადასხვა გადასახადის გადახდა სპეციალური ინტერნეტ პორტალის საშუალებით, რომელიც შტატის ხაზინამ შექმნა. მიმდინარე წლის თებერვალში კალიფორნიის კანონმდებლებმაც მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც კანაფის ბიზნესში მოქმედ კომპანიებს უფლება მისცეს ე.წ. stablecoin-ებით გადასახადების გადახდის.