დიდი ცვლილებები CoinMarketCap-ის მონაცემებში

By | March 26, 2019

კრიპტოვალუტის ბაზრის მონაცემების მთავარმა წყარომ CoinMarketCap-მა (CMC) განაცხადა, რომ გადახედავს მისი წევრი ბირჟების რეიტინგების დადგენის მეთოდოლოგიას, მას შემდეგ რაც უკანასკნელმა კვლევამ გამოავლინა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესახებ არასწორი მონაცემები. კომპანიამ მიმდინარე წლის 25 მარტს ეს ოფიციალურად საკუთარი სოციალური მედიის გვერდზეც დაადასტურა.

CMC არის ამ ინდუსტრიაში ყველაზე აღიარებული და სანდო წყარო ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების საბაზრო მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრისთვის; ესევე მას აქვს კრიპტოვალუტის ბირჟების რეიტინგები და შეფასება.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გასულ კვირას კრიპტოვალუტის ინდექსის ფონდმა Bitwise-მა გამოავლინა, რომ CMC-ის მონაცემები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. რასაც თავის მხრივ შეცდომაში შეყავს ინვესტორები და კრიპტოვალუტების შესახებ არასწორ სურათს იძლევა. დეტალურ ინფორმაციას Bitwise-ის კვლევის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში – “ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის 95% არ შეესაბამება სინამდვილეს”.

CMC-მა გაითვალისწინა Bitwise-ის ეს კვლევა, რომელიც ამ უკანასკნელმა ასევე წარუდგინა აშშ რეგულატორს საკუთარ აპლიკაციაში, რომლითაც ითხოვს ბიტკოინის ფონდით ვაჭრობის ნებართვას.

Bloomberg-თან საუბრისას CMC-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა კარილინ ჩანმა მოკლედ გაასაჯაროვა ინფორმაცია, თუ როგორ შეიცვლება რეიტინგები: “მაგალითად თუ კრიპტოვალუტის ბირჟას დაბალი ტრეფიკით აქვს 300$ მილიონის მოცულობა და მხოლოდ 5 ბიტკოინი საკუთარ საფულეზე, მომხმარებლები ცვლილებების შემდგომ თვითონ შეძლებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას ამ ბირჟაზე ჩვენი დახმარების გარეშე” – განაცხადა მან.

ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის 95% არ შეესაბამება სინამდვილეს