ჩიკაგოს მერი: “კრიპტოვალუტის მიღება და დამკვიდრება გარდაუვალია”

By | March 25, 2019

ჩიკაგოს მერი, რაჰმ ემანუელი, მიმდინარე წლის 18 მარტს სიტყვით გამოვიდა მის ქალაქში გამართულ FinTank-ის ყოველწლიურ შეკრებაზე, სადაც მან კრიპტოვალუტაზე და ბლოკჩეინზე ისაუბრა. ბარაკ ობამას აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სახელი გაითქვა, როგორც ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ლიდერმა.

ემანუელმა აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც მაგალითად ირანი და ვენესუელაა, სულ უფრო მეტად იყენებენ კრიპტოვალუტას რათა თავიდან აიცილონ დაწესებული სანქციები და შეინარჩუნონ გლობალური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა. მისი აზრით კრიპტოვალუტის მიღება და დამკვიდრება გარდაუვალია.

“ის სისტემა, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ მნიშვნელოვნად იცვლება. შემდგომ 5 ან 10 წელიწადში ისეთი ქვეყანა, როგორიც მაგალითად არგენტინაა, გაათვითცნობიერებს კრიპტოვალუტის გამოყენების უპირატესობას მოსალოდნელი ფინანსური კრიზისის პერიოდში და მაშინ მიხვდება მსოფლიო, რომ კრიპტოვალუტის დრო დადგა. ტრენდი ძალიან დადებითია. ამ ახალ ტექნოლოგიაში მე ვიცი მთავარი – ეს არის ვაჭრობის ალტერნატიული საშუალება და მე როგორც პროგრესული ქალაქის მერმა ყველანაირად ხელი უნდა შევუწყო ამ სფეროს განვითარებას” – განაცხადა მერმა შეხვედრაზე.

FinTank-ის ყოველწლიური შეხვედრა აერთიანებს კრიპტო სამყაროს უმნიშვნელოვანეს მოთამაშეებს ჩიკაგოში და მისი დამაარსებელია ჩიკაგოს ოფციონების ბირჟის (Chicago Board Options Exchange – CBOE) ყველაზე ცნობილი ტრეიდერი დევიდ კარმანი. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ჩიკაგოს კრიპტოვალუტით ვაჭრობის მსოფლიო დედაქალაქად გადაქცევას. ქალაქში ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის უამრავი უძველესი ინსტიტუტია, როგორებიცაა ჩიკაგოს ვაჭრობის საბჭო (Chicago Board of Trade – CBOT), ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟა (Chicago Mercantile Exchange – CME) და სხვ.
ჩვენი პორტალი სისტემატიურად აშუქებს ჩიკაგოში მიმდინარე პროცესებს და მომავალშიც უამრავ საინტერესო ინფორმაციას გაგიზიარებთ.

ჩიკაგოს იფციონების ბირჟა ბიტკოინის ფუჩერსის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს