Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი კრიპტო გუნდს ქმნის

By | March 23, 2019

ჯეკ დორსიმ, Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გეგმავს დეველოპერების აყვანას ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შესაქმნელად. მან ასევე აღნიშნა, რომ ეძებს დიზაინერებსა და ინჟინერებს, რომლებმაც კრიპტო ეკოსისტემაში დაგეგმილ ახალ პროექტებზე უნდა იმუშაონ.

თუმცა კრიპტო დეველოპერებს არ დაიქირავებს უშუალოდ Twitter-ი. დორსი გეგმავს მათ აყვანას მისი სხვა კომპანიის Square-ის საშუალებით. Square-მა უკვე შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინის მხარდაჭერას. ეს მიუთითებს იმას, რომ დეველოპერები იმუშავებენ კიდევ უფრო სხვა ტიპის კრიპტო პროექტებზე, რომელიც განსხვავდება იმ საქმიანობისგან, რასაც აქამდე ახორციელებდა Square-ი.

დორსიმ ასევე აღნიშნა, რომ Square-მა უკვე გამოიყენა ღია წყაროს (open source) უამრავი ტექნოგია და სურს რაღაცით თვითონაც შეიტანოს წვლილი ამ მიმართულების განვითარებაში და ერთგვარად დაუბრუნოს თანამეგობრობას ის ვალი, რაც ამ უფასო ტექნოლოგიების გამოყენებით მისგან აიღო.

დორსი ასევე ამბობს, რომ დიზაინს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც უმთავრესია მომხმარებელებისთვის პროდუქტების მიმზიდველობის გასაზრდელად   და რომ სწორედ დიზაინი არის დღეს ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული მიმართულება ამ სფეროში. მისი დიზაინისადმი სიყვარული ყველასთვის ცნობილია, რაც სავარაუდოდ გახდება Square-ის ახალი პროდუქტების ძირითადი განმასხვავებელი ნიშანიც.

დორსი უკვე ცნობილი ბიტკოინის  ადვოკატია. მან ჯო როგანის პოდკასტში მიმდინარე წლის დასაწყისში ღიად დააფიქსირა ახალ ტექნოლოგიაზე საკუთარი შეხედულებები. მას შემდეგ Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მხარი დაუჭირა Lightning Network-ს (ბიტკოინის გადახდის პროტოკოლი) Lightning Torch-ის კამპანიაში აქტიური მონაწილეობით.

უკვე დიდი ხანია საუბარი მიდის Facebook-ის მიერ კრიპტო და ბლოკჩეინის პროექტებით დაინტერესების შესახებ. Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ეს ნაბიჯი, კიდევ ერთხელ მიუთითებს რამდენად დიდი პოტენციალია ამ ახალ ტექნოლოგიებში, რომლებიც ძალიან მალე მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიოს.

Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას განიხილავს

Facebook-ი ბლოკჩეინის განყოფილებას ამატებს