ევროპარლამენტარი: საქართველო კრიპტოვალუტის გამომუშავების ჰაბია, თუმცა არსებობს რისკები

By | February 22, 2019

ჩვენი საინფორმაციო პორტალი მუდმივად უზრუნველყოფს მკითხველს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროს უახლესი ინფორმაციიითა და სიღრმისეული ანალიზით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებსა და პროცესებს, რაზეც უამრავი მასალა გვაქვს უკვე გამოქვეყნებული. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად მიმოვიხილავთ და რასაც ჩვენი ქვეყანა ანგარიშს უნდა უწევდეს არის ევროკავშირთან თანამშრომლობა. სწორედ ამ ორგანიზაციის სწორ ხედვაზეა დამოკიდებული საქართველოში ამა თუ იმ პოლიტიკისა, თუ ბიზნესის მხარდაჭერა.

5 მარტს ბრიუსელში ევროკავშირისა და საქართველოს საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. აღნიშნული საკითხების განხილვა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც საქართველოში აქტუალურია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, თიბისი ბანკის საქმე და ოპოზიციის მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.

სწორედ ამ თემებზე იყო საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული დიკუსიის დროს. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელსაც არასამთავრობოებთან ევროპარლამენტარი ანა გომესი ესწრებოდა.

გომესი საქართველოს დიდი ხნის გულშემატკივარია და სერიოზული ავტორიტეტი აქვს ევროპარლამენტში. საქართველოზე მისი მოსაზრებები და შეხედულებები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მიმართ ევროკავშირის ხედვისა და მიდგომების ჩამოყალიბებაზე.

ანა გომეშმა ჩვენს ქვეყანაზე ისაუბრა, როგორც კრიპტოვალუტის გამომუშავების ჰაბზე და ხაზი გაუსვა საფრთხეებს, რაც შეიძლება ამ საკითხს უკავშირდებოდეს; ძირითადი კი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკებია. უკანსკნელ პერიოდში არა მხოლოდ ევროპარლამენტი, არამედ ბევრი სხვაც, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე პატივცემული გამოცემებიც კი, როგორიცაა New York Times, ალაპარაკდნენ საქართველოში ფულის გათეთრების სხვადასხვა სქემებზე კრიპტო ბიზნესში, რომლის შესახებაც ჩვენი საინფორმაციო პორტალი წერდა – “New York Times: “მთავრობა სუბსიდირებას უწევს Bitfury-ის, რომელიც უბრალოდ ძარცვავს გადასახადის გადამხდელებს”.