New York Times: “მთავრობა სუბსიდირებას უწევს Bitfury-ის, რომელიც უბრალოდ ძარცვავს გადასახადის გადამხდელებს”

By | February 21, 2019

საქართველო გახდა კრიპტოვალუტისა და მაინინგის ჰაბი. ხშირად, როდესაც ტენოლოგიური წინსვლები განიხილება, მთავარი აქცენტი კეთდება ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. საქართველოს მსგავსი ქვეყანა ძალიან იშვიათად თუ მოხვდება მსოფლიოს უზარმაზარ ტენოლოგიურ და ინოვაციურ რუქაზე. საქმე კი იმაშია, რომ ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზულ გავლენას ახდენენ კრიპტო და ბლოკჩეინ ბიზნესზე. ჩვენი საინფორმაციო პორტალი მუდმივად უზრუნველყოფს მკითხველს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროს უახლესი ინფორმაციიითა და სიღრმისეული ანალიზით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს. mybitcoin.ge ადრეც წერდა ამ საკითხზე. თუმცა, მიმდინარე წლის 22 იანვარს New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია ძალიან საინტერესო და საყურადღებო აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ აქცენტების გამო, რასაც დასავლური მედიის ეს ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული გამოცემა აკეთებს ამ სტატიაში, რომლის მნიშვნელოვან მომენტებს სწორედ ახლა გაგიზიარებთ.

უკვე სამი წელია, რაც უფანჯრო საწყობი ქალაქის შემოგარენში მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 50 000 ოჯახს ეყოფოდა. აქ, ეს საწყობი და სხვა უამრავი მსგავსი შენობა დღე და ღამე გამოიმუშავებს   ბიტკოინს – კრიპტოვალუტას, რომელმაც “ოქროს ცხელების” ეფექტი მოახდინა საქართველოში.

Bitfury და ამ კომპანიის სხვა მფლობელები, ყოველდღიურად მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას გამოიმუშავებენ იაფი ელექტროენერგიით, რომელიც კავკასიის მთებიდან მომდინარე მდინარეების ჰიდრო რესურსების გამოყენებით გამომუშავდება. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ათასობით ქართველი ჩაერთო მათ მოპოვებაში; ამისთვის გაყიდეს მანქანები, შინაური ცხოველები და სხვა ძვირფასი ქონება, რომ შეიძინონ ძვირადღირებული კომპიუტერები და ჩაერთონ კრიპტოვალუტის მოპოვებაში.

საქართველოში Bitfury-ის შემოყვანა მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2015 წელს. მან, ასევე, ამ კომპანიას მისცა 10 მილიონიანი სესხი, საკუთარი საინვესტიციო ფონდის საშუალებით, იმ დროს, როდესაც Bitfury-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კიკვაძე, იყო ამავე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება”, რომლის დამფუძნებელიც და თავმჯდომარეც არის სწორედ ოლიგარქი, Bitfury-ის მიჰყიდა 45 ჰექტარი მიწა 1 დოლარად. ამ ცენტრისთვის მთავრობა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ევროპასა და ამერიკასთან შედარებით უმნიშვნელო ფასად. მთავრობამ, ასევე, გააფართოვა და სრულიად ახალი ქვესადგური ააშენა Bitfury-ის ტეროტორიის მომიჯნავედ, რაც უზრუნველყოფს უზარმაზარი მოცულობის დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდებას, რომლის ტრანსპორტირების ხარჯებსაც არ გადაიხდის კომპანია, რადგან ქვესადგური სწორედ მისი ტერიტორიის გვერდზე ააშენეს, სადაც ამ საწარმოს გარდა კილომეტრების მანძილზე არაფერი არსებობს.

კომპანიების უმეტესობა ფულს კარგავს, როდესაც ბიტკოინის ფასი ეცემა, ხოლო ენერგორესურსების ფასი მუდმივად იზრდება. მაგალითად, კრიპტოვალუტის სფეროს ლიდერი ჩინური კომპანია Bitmain-ი, რომელიც აწარმოებს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო აპარატურას, ქმნის ახალი თაობის ჩიპებს, ფლობს კრიპტოვალუტის მოპოვების ცენტრებს მთელ მსოფლიოში, მასიურად ხურავს ამ ცენტრებს და ათავისუფლებს ადამიანებს არა მარტო უცხოეთში, არამედ ჩინეთშიც კი. მიუხედავად ბიტკოინის ფასის ვარდნისა 20 000 აშშ დოლარიდან 3000 დოლარამდე, Bitfury-ის ნამდვილად არაფერი აქვს სადარდებელი, რადგან ელექტროენერგია მას დაახლობით 0.5 აშშ ცენტი უჯდება.

ამას ემატება მათთვის გადასახადებისგან თავისუფალი ზონის შექმნა. როგორც კი Bitfury-ი შემოვიდა საქართველოში, მთავრობამ სასწრაფოდ შეუქმნა მას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც კრიპტოვალუტის მოპოვება, ელექტროენერგია და ნებისმიერი საქმიანობა სრულიად თავისუფალია გადასახადებისგან. ყველანაირი მასალისა, თუ აპარატურის ან ნებისმიერი ნივთის იმპორტი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხდება განბაჟების გარეშე, რასაც იმპორტირებისას იხდის ნებისმიერი, ვისაც რამე შემოაქვს საქართველოში. როდესაც ხდება გამომუშვებული ბიტკოინისა, თუ სხვა კრიპტოვალუტის გადახურდავება აშშ დოლარებში, საქართველოს მთავრობა ამას განიხილავს, როგორც ექსპორტს და ათავისუფლებს კომპანიას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. შესაბამისად, Bitfury-ი საქართველოში არაფერს იხდის და დასაქმებული ჰყავს სულ რამდენიმე ადამიანი, რომელიც საჭიროა კომპიუტერული ქსელის გამართული უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, კომპანია არსებობს საქართველოში, მოიხმარს ასი ათასობით ქართული ოჯახის ელექტროენერგიას, აკეთებს მილიონობით დოლარს ყოველდღიურად და ვერავინ, Bitfury-ის მფლობელების გარდა, ამით ვერანაირ სარგებელს ვერ პოულობს; ცენტრი, ასევე, მოიხმარს ელექტროენერგიას უცვლელ ფასად, 5 აშშ ცენტი, მთელი ამდენი წლის განმავლობაში, ხოლო ელექტროენერგიისა და სხვა ენერგომატარებლების ტარიფი თავისუფალი ზონის გარეთ დარჩენილი ქართული ოჯახებისთვის მუდმივად ყოველწლიურად იზრდება.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოზე გავლენის მქონე რესურსების საშუალებით, მთავრობა ზემოთ მოყვანილი და კიდევ სხვა უამრავი ხერხით სუბსიდირებას უწევს ისეთი კომპანიების მუშაობას, როგორიცაა Bitfury-ი, რომელიც უბრალოდ ძარცვავს გადასახადის გადამხდელ საქართველოს მოქალაქეებს და კოკურენციის შესაძლებლობას საერთოდ უკლავს ნებისმიერს, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა მოუნდება.

ინდუსტრიის მონაცემებით, საქართველოში ხდება მსოფლიო ბიტკოინის (სხვა კრიპტოვალუტების ვალუტების გარდა) დაახლოებით 5%-ის მოპოვება. მათი გადარიცხვისა და შენახვისთვის საერთოდ არ არის საჭირო ტრადიციული ფინანსური და საბანკო სისტემა. კრიპტოვალუტის გადარიცხვა შესაძლებელია უბრალო ტელეფონითაც კი, ხოლო შენახვა ხდება ძირითადად კომპიუტერის მეხსიერების ჩიპის მსგავს მატარებელზე, სადაც შესაძლებელია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შენახვა. თუმცა, რეალურად რა, რამდენი და როგორ მოიპოვება, ან მერე სად და როგორ მიდის, ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან Bitfury-ი არ ექვემდებარება და არ არის ქართულ მხარესთან არანაირ ვალდებულებაში, მათ შორის, არც მისი შემოსავლები და საქმიანობა არ კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს მიერ.

“საქართველო საინტერესო ქვეყანაა კრიტოვალუტის მომპოვებლებისთვის. იქნება კი ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიზეზი? ალბათ არა” – აცხადებს გიორგი ქობულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.