ვაშინგტონი და კრიპტო ლობიზმი

By | September 14, 2018

ამერიკის შეერთებული შტატები ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიების განვითარებაში ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ხდება სახელმწიფო დონეზე და მმართველობის ორგანოები მუდმივად კანონმდებლობისა და მიდგომების დახვეწის პროცესში არიან, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ზრდას თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. არიზონას შტატმა მიიღო კანონი, რომელიც კორპორაციებს საშუალებას აძლევს, შეინახონ და გაავრცელონ ინფორმაცია ბლოკჩეინის საშუალებით. ტენესის შტატმაც მიიღო კანონი, რომელიც ლეგალურად ცნობს განაწილებული დავთარის ტექნოლოგიასა (distributed ledger technology – DLT) და სმარტ კონტრაქტებს ელექტრონული ტრანზაქციებისთვის. ნებრასკა, ფლორიდა, ნევადა, ვერმონტი, ჰავაი, ილინოისი, ჩრდილოეთ დაკოტა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შტატებისა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ამ სფეროს დამკვიდრება და ხელშეწყობა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ლობისტური ჯგუფები.

სწორედ მმართველობით ორგანოებთან და კანონმდებლებთან ურთიერთობისთვის 400 წლის წინ ინგლისში გაჩნდნენ პირველი ლობისტები (ე.წ. “პეტიციონერები”, “petitioners”). მათ ქირაობდნენ იმ დროის უძლიერესი ვაჭრები და სავაჭრო ორგანიზაციები (ე.წ. გილდიები, “guilds”, “livery companies”). ვაჭრებს არ ჰქონდათ დრო და გამოცდილება (ისინი კომერციის პროფესიონალები იყვნენ, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდათ) დღე და ღამე ეტარებინათ ვესტმინტერის დიდი სასახლის დერეფნებში, სადაც მიიღებოდა ყველა გადაწყვეტილება. ლობისტები კი მუდმივად სახელმწიფო და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობდნენ, დეტალურად ადევნებდნენ თვალს მოვლენების განვითარებას, იცნობდნენ ყველა საჭირო ადამიანს, მათი მეუღლეებისა და ახლო ნათესავების ჩათვლით. აქედან გაჩნდა ლობიზმი და ამდენი საუკუნის მანძილზე მსოფლიოსა და ბიზნესის განვითარებასთან ერთად თანამედროვე ლობიზმიც წარმოუდგენლად განვითარდა. თუმცა, დღეს საქართველოში ლობისტი წარმოუდგენიათ, როგორც “საქმის ჩამწყობი” (ე.წ. “fixer”, განვითარებულ სამყაროში ამ ტიპის ადამიანებსაც აქვთ დეფინიცია), მას არაფერი საერთო არ აქვს ლობიზმთან. თანამედროვე ლობიზმი სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა და ის ყველა ტიპის კომპანიის საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია, როგორც მარკეტინგი, იურიდიული სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ფინანსები და სხვ. მეტიც, ლობიზმით არიან დაკავებული არასამთავრობო, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სფეროებში მოქმედი ორგანიზაციები. ეს ხომ თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც ყველა ტიპის ორგანიზაციას ემსახურება მიზნების მიღწევაში, რისკებისგან თავის დაზღვევასა და სასურველი საგადასახადო და რეგულირების რეჟიმების მოპოვებაში. მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რამდენიმე სერიოზული ლობისტური ჯგუფი დაიქირავა აშშ-ს კონგრესთან და სხვა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება.

შეიძლება შარშანდელ პიკთან შედარებით ბიტკოინის ფასმა იკლო, მაგრამ ინდუსტრია ფედერალური დონის კანონმდებლებთან და მარეგულირებლებთან მუშაობის დასაწყებად არ ელოდება ინვესტორების მოთხოვნის მორიგ ზრდას.

Washington Post-ის ინფორმაციით ტექნოლოგიების ვეტერანებმა და კრიპტოვალუტის უდიდესმა კომპანიებმა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს განაცხადეს “ბლოკჩეინის ასოციაციის” შექმნის შესახებ. ეს იქნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაკავებული ბიზნესებისა და ინვეტორების ინტერესების დამცველი პირველი სრულყოფილი ლობისტური ორგანიზაცია ვაშინგტონში.

დამფუძნებლები არიან კომპანიები: Coinbase და Circle – მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟები; ასევე, ტექნოლოგიური სტარტაპი Protocol Labs. დამფუძნებლებელთა შორის, ასევე, არიან  ინვესტორები Digital Currency Group და Polychain Capital.

ჯგუფმა უკვე დაიქირავა პირველი ლობისტი – კრისტინ სმიტი, რომელიც იყო სენატორი ოლიმპია ჯ. სნოუის თანაშემწე. მან შემდეგ ბლოკჩეინის საკითხებზე ლობისტად განაგრძო საქმიანობა კომპანია Overstock.com-ში, რომელიც, თავის მხრივ, ონლაინ საცალო გაყიდვების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა და 2014 წლიდან იღებს ბიტკოინს გადახდის საშუალებად.

“მე დიდი ხანია დაკავებული ვარ ბლოკჩეინზე ცოდნის გავრცელებით და მიხარია ისეთ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც მხოლოდ ამ თემებზე იმუშავებს” – განაცხადა სმიტმა. ის უხელმძღვანელებს და განავითარებს ბლოკჩეინის ასოციაციას ამ საწყის ეტაპზე.

ბიტკოინისადმი ინვეტორების დიდი ინტერესის გამო უკანასკნელ პერიოდში, კრიპტოვალუტების გაჩენის შემდეგ, პოლიტიკის განმსაზღვრელები და შემქმნელები ბევრი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ტექნოლოგია, რომელზეც ვირტუალური ვალუტებია დაფუძნებული, ახალ კითხვებს აჩენს ციფრულ სამყაროში ფინანსურ რეგულირებასთან დაკავშირებით; ზოგიერთ შემთხვევაში ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გახდნენ სხვადასხვა თაღლითობის მსხვერპლი, რამაც მიიპყრო ფედერალური მარეგულირებლების დიდი ყურადღება. უამრავი მოსმენა კონგრესში და აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (Securities and Exchange Commission – SEC) უკანასკნელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მნიშვნელობისა და როლის ზრდას თანამდეროვე ეკონომიკაში.

ბლოკჩეინის ასოციაციის მთავარი მიზანია, გახდეს ვაშინგტონში პოლიტიკის საკითხებში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის საუკეთესო ლობისტური ორგანიზაცია. ასოციაციას სურს, ახმოვანებდეს ზომიერი პოზიციების მქონე კომპანიების ხედვებს, რომელთაც სურთ არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში მუშაობა და არა მისთვის გვერდის ავლა (მაგ. ისე, როგორც მოიქცნენ კომპანია Uber და Airbnb).

პირველი პრიორიტეტი იქნება აშშ-ს საგადასახადო კოდექსით კრიპტოვალუტების დაბეგვრის საკითხებზე განათლების გავრცელება, რისთვისაც ასოციაცია შეეცდება აუხსნას პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და შემქმნელებს, თუ როგორ უდგება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და “იცოდე შენი კლიენტი”-ს (KYC) რეგულაციები ინდუსტრიას.

“ბლოკჩეინის ასოციაციის მიზანია პოლიტიკის განმსაზღვრელებმა და შემქმნელებმა იცოდნენ, რომ ორგანიზაციაში გაერთიანებული კომპანიები წარმოადგენენ ინდუსტრიის იმ ნაწილს, რომელიც მიესალმება რეგულაციებს იქ, სადაც ეს საჭიროა. ჩვენ არ წარმოვადგენთ კომპანიებს, ვისაც სურს მოატყუოს სისტემა, არამედ გვსურს, შევქმნათ სამართლებრივი და რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს” – ამბობს მაიკ ლემპრესი, Coinbase-ის სამართლებრივი და რისკების საკითხების ხელმძღვანელი.

ეს არ არის ბლოკჩეინ ადვოკატების ვაშინგტონში “გავლენის თამაშში” ჩართვის პირველი შემთხვევა. დაახლოებით ხუთი წლის წინ იგივე როლს ასრულებდა “ბლოკჩეინის ფონდი”. მაგრამ ეს იყო ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან გასხვავებული მიზნების მქონე ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც წარმოადგენდა ინდუსტრიასა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს; ასევე, მოქმედებდა, როგორც კვლევითი ცენტრი (think tank), ლობისტური ჯგუფი და სტანდარტების შემქმნელი ორგანიზაცია.

რა თქმა უნდა, ბლოკჩეინის ასოციაციისა და ბლოკჩეინის ფონდის გარდა აშშ-ში მრავალი ორგანიზაციაა, რომელიც დღეს ამ სფეროს ლობირებით არის დაკავებული. mybitcoin.ge სისტემატიურად აწვდის თავის ერთგულ მკითხველს სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროში მიმდინარე რეგულირების პროცესების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის ჩინეთის პროგრესს ბლოკჩეინის ტექნოლოგიებში .

აშშ-ს ციფრული კომერციის პალატამ გამოაქვეყნა გზამკვლევი – “ციფრული ტოკენები: ბაზრის მიმოხილვა და გზამკვლევი პოლიტიკის განმახოციელებლებისა და პრაქტიკოსებისთვის”. ეს ორგანიზაცია ვაშინგტონში მოღვაწეობს და რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს, როგორიცაა “ბლოკჩეინის ინტელექტუალური საკუთრების საბჭო”, “სმარტ კონტრაქტების ალიანსი”, “ტოკენების ალიანსი”, და სხვ. ამ უკანასკნელმა ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს ციფრული ტოკენებისა და ICO-ების  “პასუხიმგებლობიანი ზრდის” ხელშეწყობაზე. ინიციატივა 350-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომელშიც შედიან ეკონომისტები, ყოფილი მარეგულირებლები, სამართლის პრაქტიკოსები, ბლოკჩეინისა და ტოკენების ექსპერტები.

ამერიკის სავაჭრო პალატა, კიდევ ერთი პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ამერიკის უმთავრეს და უდიდეს კორპორაციებსა და საშუალო/მცირე ბიზნესს,  მხარს უჭერს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებას. ორგანიზაციის ანგარიში პალატის ახალი “ფინტექის საინოვაციო ინიციატივის” ნაწილია, რომელიც მან მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. დოკუმენტში თავმოყრილია ამ სფეროში გასატარებელი პოლიტიკისა და რეკომენდაციების დიდი სია და მისი ოფიციალური განხილვები მალე დაიწყება კანონმდებლებთან და მარეგულირებლებთან. “უახლოეს მომავალში ინოვაციების განვითარების სიჩქარე არ შენელდება, პირიქით, მომდევნო წლებში გაიზრდება. აუცილებელია აშშ-ს მთავრობამ და შტატებმა ხელი შეუწყონ ამ ინოვაციებს, რომელიც უკვე ცვლის და მალე მნიშვნელოვნად შეცვლის ყველა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. ასევე, აუცილებელია აშშ ამ პროცესში მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ფლობდეს; მეტიც, ქვეყანამ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს გლობალური ფინანსური სისტემის განვითარებაში” – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ს სენატის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის ივლისში მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც პალატის წევრები ვალდებული არიან საკუთარი კრიპტო ინვესტიციები ასახონ ყოველწლიურ ანგარიშებში.

ბობ გუდლატი, წარმომადგენელთა პალატის სასამართლო ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე, 80 000 აშშ დოლარის ინევესტიციას ფლობს კრიპტოვალუტებში. გუდლატის შვილი, ბობი გუდლატი ჯუნიორი არის ე.წ. “ანგელოზი ინვესტორი” (“Angel Investor”) და მას დიდი რაოდენობით სახსრები აქვს ჩადებული ამერიკის უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-ში. მეტიც, გუდლატი არის კრიპტო და “განაწილებული დავთარის ტექნოლოგიის” (“distributed ledger technology”) ლობისტური ჯგუფის – “კონგრესის ბლოკჩეინ ჯგუფის” (“Congressional Blockchain Caucus”) – აქტიური წევრი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მისი შექმნის ინიციატორი იყო კოლორადოს შტატის დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი ჯარედ პოლისი და არიზონას შტატის რესპუბლიკელი სენატორი ოლივერ შვეიკერტი. ამ ინიციატივით ჯგუფმა მოახერხა აშშ-ს რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო სტრუქტურაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა.

“დღეს კრიპტოვალუტის სამყარო ბევრად უფრო განვითარებულია, განსხვავებული სექტორებითა და ინტერესთა ჯგუფებით. მიზნების მიხედვით შექმნილი სავაჭრო ჯგუფების გაჩენა ინდუსტრიის მომწიფების ნიშანია” – ამბობს ჯერი ბრიტო, Coin Center-ის (ვაშინგონის ერთ-ერთი გავლენიანი კვლევითი ცენტრი) აღმასრულებელი დირექტორი.