Deloitte-ისა და PwC-ს ახალი კვლევები ბლოკჩეინის შესახებ

By | August 30, 2018

მიმდინარე კვირაში მსოფლიოს ოთხი უდიდესი აუდიტორული კომპანიიდან ორმა, Deloitte-მა და PwC-მ, გამოაქვეყნა კვლევები ბლოკჩეინის შესახებ.

Deloitte-ის კვლევამ შეისწავლა 1000-ზე მეტი კომპანიის მაღალ მენეჯმენტში დასაქმებული აღმასრულებლები შვიდ ქვეყანაში, კერძოდ აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში. ამ კომპანიების წლიური შემოსავალი 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

როგორც Deloitte-ი აღნიშნავს, კვლევის რესპოდენტები იყვნენ “ბლოკჩეინში გათვითცნობიერებული” აღმასრულებლები ე.წ. “ციფრული კომპანიებიდან” და არა სტარტაპები. კვლევის მთავარი მიზანი იყო იმ ბიზნესების შესწავლა, რომელთაც “legacy”-ის სისტემების (რაც ნიშნავს მოძველებულ კომპიუტერულ სისტემებს, პროგრამულ ენას, პროგრამულ უზრუნველყოფას უკვე არსებული ახალი თაობის განვითარებული ვერსიების პირობებში) ნაცვლად სურთ ახალი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემების დანერგვა. კვლევა არ შეეხო ე.წ. “აღმოცენებად დამანგრეველებს”, რომელთა ბიზნეს მოდელები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გაჩენასთან ერთად და ამ ტექნოლოგიის შთაგონებით მოხდა.

ბიზნესების 84% ადასტურებს, რომ ბლოკჩეინის მასობრივი დანერგვა მხოლოდ დროის ამბავია. ასევე, 84% ამბობს, რომ ბლოკჩეინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე არსებული ტექნოლოგიები.

ტექნოლოგიის დანერგვის ყველაზე დიდ ბარიერებად 39%-მა დაასახელა რეგულირება, ხოლო 28%-მა – კომპანიებში სპეციალისტების ნაკლებობა.

რაც შეეხება აშშ-ს, Deloitte-ის კველვა აჩვენებს, რომ ქვეყანა არ არის ლიდერი ამ სფეროში და მათი კომპანიების მიერ ბლოკჩეინის დანერგვა ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩინეთი აღმოჩნდა მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ, სადაც გამოკითხულთა 86% ინვესტირებას ახდენს შესაბამისი სპეციალისტების განათლებაში.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ძალიან კარგი წინაპირობები არსებობს კანადაში, აქტიურად ვითარდება ინოვაციები და იქ უამრავი ბლოკჩეინის ენთუზიასტია. გასათვალისწინებელია, რომ კანადა ეთერიუმის სამშობლოა და ამ პლატფორმის გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. წარმატების ერთერთ მიზეზად დასახელდა მარეგულირებლების კარგი მუშაობა, რომლებიც მუდმივად ხვეწენ კანონმდებლობას და ხელს უწყობენ ბლოკჩეინის განვითარებას (ის რაც ამერიკაში ნაკლებად ხდება).

გამოკითხულთა 74%-მა დაადასტურა, რომ კომპანიების მენეჯმენტს სჯერა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წარმატების. 34%-მა კი დაადასტურა, რომ მათი ორგანიზაციები უკვე იყენებენ ტექნოლოგიას გარკვეულ საქმიანობაში.

41%-მა განაცხადა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა მოხდება შემდგომი 12 თვის განმავლობაში.

40%-მა დაადასტურა, რომ შემდგომი წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს ტექნოლოგიის დანერგვაში.

Deloitte-ი შემდეგ ინტერპრეტაციას აძლევს კვლევის შედეგებს, რომელმაც გამოავლინა გარკვეული ასიმეტრიები და გამოწვევები ბლოკჩეინისთვის “legacy”-ის კომპანიების დონეზე:

“საბოლოო ჯამში, ბლოკჩეინი არის უფრო ბიზნეს მოდელი, ვიდრე ტექნოლოგია “legacy”-ის ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვხედავთ, ბლოკჩეინისადმი მიდგომა იცვლება. ასეთ კომპანიებში აღმასრულებლები სულ უფრო შორდებიან ბლოკჩეინის, როგორც პლატფორმის, ხედვას, და იხრებიან მისი განვითარებისთვის გამოყენების შესწავლისკენ, რაც მიმართულია უფრო ეფექტური და პრაგმატული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნისკენ”.

Deloitte-მა ასევე გამოავლინა გარკვეული ჩამორჩენა ბლოკჩეინის, როგორც ბიზნესის ფუნდამენტური ცვლილების კატალიზატორად აღქმისა საკითხში: “მიუხედავად იმისა, რომ რესპოდენტების 41% ადასტურებს ბლოკჩეინის დანერგვას შემდეგი ათი წლის განმავლობაში, გლობალური რესპოდენტების 21% და ამერიკის რესპოდენტების 30% აცხადებს, რომ ისინი არ ფლობენ ტექნოლოგიისა და მისი გამოყენების შესახებ საკმარის ინფორმაციას”.

კვლევამ გამოავლინა, რომ ბლოკჩეინის, როგორც პლატფორმის ხედვა გარკვეულწილად აფერხებს ინოვაციებსა და მასობრივად მის დანერგვას; ასევე გამოიკვეთა რეგულირების საკითხები და ხშირ შემთხვევაში მათი ბუნდოვანების გამო 39% თავს იკავებს ბლოკჩეინში ინვესტირებისგან. “legacy”-ის სისტემების ადაპტაციის სირთულე დაასახელა 37%-მა პროცენტმა.

მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანი რესპოდენტების 84%-ი პროცენტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია მასობრივად დაინერგება უახლოეს მომავალში. გაზისა და ნავთობის, საკვები, ტექნიკის/მედიის/ტელეკომის, სამომხმარებლო პროდუქტებისა და წარმოების, ავტომობილების ინდუსტრიების აღმასრულებლების 87%-მა დაადასტურა ტექნოლოგიის კარგად ცოდნა.

Deloitte-ის კვლევა ასკვნის, რომ ხუთი წლის წინანდელი აკადემიური ჰიპოტეზა დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ინერგება. დეველოპერები გასცდნენ შესწავლის ეტაპს და ახლა ბლოკჩეინის გამოყენების შესწავლითა და ბიზნესზე მორგებული აპლიკაციების შექმნით არიან დაკავებული. “ჩვენ გვჯერა, რომ ერთადერთი შეცდომა, რაც ბლოკჩეინთან მიმართებაში შეიძლება ორგანიზაციამ დაუშვას არის ის, რომ არაფერი გააკეთოს.. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ ტექნოლოგიის მასობრივი მიღება მიუახლოვდა გარღვევის ზღვარს”- ნათქვამია კვლევაში.

მიმდინარე კვირაში ასევე PwC-მ გამოაქვეყნა საკუთარი ანგარიში – “ბლოკჩეინი უკვე აქ არის. რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი?”. დოკუმენტის მიხედვით 600 აღმასრულებლიდან 84%-მა დაადასტურა, რომ მათი კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში; 20% კვლევის პროცესშია, 32% განვითარების პროცესში, 10%-ს საპილოტე პროექტები აქვს დანერგილი, 15% მართავს წარმოებას ბლოკჩეინის დავთარით. მხოლოდ 14%-მა განაცხადა, რომ არ არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში ჩართული.

PwC-მ ასევე გააკეთა გამოთვლები, რომლის თანახმად ბლოკჩეინის ტექნოლოგია რამდენიმე მილიარდიანი ბიზნესი გახდება შემდეგი ათწლეულის განმავლობაში. ანგარიში დაეყრდნო 2017 წლის Gartner-ის პროგნოზს, რომელმაც განსაზღვრა, რომ ბლოკჩეინის ბიზნესის ღირებულება 2025 წლისთვის იქნება 176 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2030 წლისთვის 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

“რამდენიმე წელიწადში გლობალური ეკონომიკის ინფრასტრუქტურის 10-20% ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სისტემებზე იმუშავებს.. ყველა საუბრობს ბლოკჩეინზე და არავის არ უნდა ჩამორჩენა” – ნათქვამია ანგარიშში.