ბლოკჩეინ რევოლუცია და ბანკები

By | August 27, 2018

ბანკები ფინანსური სისტემის შემადგენელი ნაწილია. გავრცელებულია აზრი, რომ ტრადიციული ბანკი უკვე არქაული ინსტიტუტია და აღარ იმსახურებს კლიენტების ერთგულებასა და პატივისცემას. ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ისინი თანამედროვე ან  კეთილსინდისიერი ორგანიზაციებია, რასაც მათთან დაკავშირებული უამრავი სკანდალიც ადასტურებს (მაგ.Goldman Sachs, Deutsche Bank, და სხვ.). თუმცა, ეფექტური და მოხერხებული ძირითადი სერვისების მიწოდებისთვის ბრძოლაში მსხვერპლი უბრალო კლიენტი რჩება; ასევე, ზიანი ადგება მთლიან ეკონომიკებსა და გლობალურ ეკონომიკას მაკროეკონომიკურ დონეზე.

ჯპ ნიკოლსი, მომავლის ფინანსური სერვისების ინოვაციების, სტრატეგიისა და ლიდერობის საკითხებში საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, ამბობს:

“წარმოიდგინეთ თუ როგორ აუვლის გვერდს ბლოკჩეინი და განაწილებული დავთარის ტექნოლოგია (distributed ledger technology – DLT) ტრადიციული ფინანსური სისტემის მცველებს და ამოაგდებს ყველანაირ შუამავალს, თუ როგორ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი (artificial intelligence – AI) ადამიანების მთელ ჯგუფებს, მაგალითად, ვინც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობს, ან პორტფელის მენეჯერებს და მექანიკური შრომით დაკავებულ ათასობით დაქირავებულს”.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გაჩენა უამრავმა ქსპერტმა შეაფასა, როგორც ტრადიციული საბანკო სისტემის სიკვდილის დასაწყისი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხელშეუხებელი, გამჭირვალე და სწრაფი განაწილებული დავთარის სისტემისგან ჩვეულებრივი ადამიანები უამრავ სარგებელს ნახავენ. თუმცა, არსებული საბანკო სისტემის დასასრული ბლოკჩეინის ჰორიზონტზე გამოჩენამდეც დიდი ხნით ადრე ცხადი იყო. ამ ტექნოლოგიამ უბრალოდ დააჩქარა ეს პროცესი.  თუ ჩვენ შევადარებთ ტრადიციულ ბანკებს ახლადწარმოქმნილი კრიპტოვალუტების ეკონომიკის მომსახურე ბლოკჩეინ ბანკებს, სხვაობა შოკისმომგვრელია.

გადარიცხვები

საზღვარგარეთ დიდი თანხების გადარიცხვებში არსებული პრობლემები ყოველთვის იყო ტრადიციული ბანკების სუსტი წერტილი, რაც მათ ვერასდროს მოაგვარეს საკმაოდ უბრალო და გასაგები მიზეზების გამო. კრიმინალური საქმიანობის შიში და უსაფრთხოების გადამოწმება ყოველთვის აფერხებდა გადარიცხვების დროს. ეფექტური და უსწრაფესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საშუალებით, მომავლის ბლოკჩეინ ბანკებით ულიმიტო გადარიცხვები იქნება შესაძლებელი. რაც უფრო მეტი სერვისის მიმწოდებელი იძლევა კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებას, მით უფრო მეტ მომხმარებელს ექმნება შესაძლებლობა მისთვის სასურველი ციფრული ფულის ოდენობა გადარიცხოს გარკვეულ პროექტებზე, გადაანაცვლოს საკუთარ ანგარიშებზე – “საფულეებზე”, შეიძინოს ნებისმიერი საქონელი და მომსახურება.

არც პატარა გადარიცხვებია გამონაკლისი. იმ დროს, როდესაც ტრადიციულ საბანკო სისტემას სჭირდება რამდენიმე დღე მცირე თანხის უცხოეთში გადასარიცხად, ათასგვარად ამოწმებს ამ თანხას, გამოიყენებს და ჩართავს მას ბრუნვაში საკუთარი მიზნებისთვის, ბლოკჩეინ ბანკები შეძლებენ ამ გადარიცხვების დაუყოვნებლივ აღსრულებას. მალე მხოლოდ წამებში იქნება შესაძლებელი ის, რასაც ამჟამად ამდენი დრო სჭირდება.

სესხები

ყველამ, ვისაც ბანკიდან სესხის აღების გამოცდილება ჰქონია, იცის, თუ რა რთული შემოწმების პროცედურაა გასავლელი, რამდენად დიდი ქონება უნდა ჩადოს, რომ იმის მცირე პროცენტი მიიღოს სესხად, და მიუხედავად ამისა, კრედიტის აღება მაინც არ არის გარანტიებული. ბლოკჩეინ ბანკებში ეს საჭირო აღარ იქნება. რადგან ბლოკჩეინი ხელშეუხებელი დავთარია და ყველა მომხმარებლის შესახებ ისტორია საჯარო და სრულიად გამჭირვალეა, ავტომატიზებული სისტემა სათანადო ინფორმაციას მოიპოვებს და კრედიტის აღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მიიღებს.

ამისთვის საჭიროა განაწილებული დავთარის ტექნოლოგიით კლიენტების იდენტიფიცირების სისტემის შექმნა. ახალი კლიენტის შემთხვევაში მომავლის ბლოკჩეინ ბანკი მოახდენს დოკუმენტების ვერიფიკაციას და ატვირთავს მათ ბლოკჩეინ ბაზაში. ახალი ინფორმაციის დამატების შემთხვევაში, დავთარში შესაძლებელი იქნება შესაბამისი დაშიფრული ცვლილებების ასახვა. ამ ცვლილებების ნახვა კი ყველა დაინტერესებული მხარის მიერ რეალურ დროში იქნება შესაძლებელი და ინფორმაციისადმი ასეთი დაუყოვნებლივ წვდომა ყველა მხარეს უამრავ დროს და რესურსს დაუზოგავს. გარდა ამისა, საჭირო შესაბამისობის ანგარიშების გენერირება ბლოკჩეინ ბაზიდან ავტომატურად მოხდება.

მაღალი გადასახადები

კიდევ ერთი პრობლემა არის საბანკო სერვისების მაღალი და ზრდადი ღირებულება, რაც გასაგებია და ხშირად მათი მოსამსახურეებისა და მათი პრემირების ზრდით არის გამოწვეული. ბლოკჩეინ ბანკებში ეს პრობლემა არ იარსებებს, რადგან ისინი არ საჭიროებენ ფილიალებს, ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფით განახორციელებენ საქმიანობას და  ამისთვის პერსონალიც მინიმალურია საჭირო; მთავარი ბირთვი ბლოკჩეინის დეველოპერების გუნდი პროგრამულ მიმართულებას განავითარებს და წარმართავს.

სმარტ კონტრაქტების პლატფორმები, ცალკეული და ავტომატიზებულად აღსრულებადი ალგორითმები შექმნილია მონაწილეების საკონტრაქტო პირობების ავტომატიზებისთვის ნებისმიერი ტრანზაქციისთვის ბლოჩეინზე. შესაბამისად, შესაძლებელია კომპანიის აქტივების მენეჯმენტის ავტომატიზება ნებისმიერი სირთულის თვითაღსრულებადი პროგრამების შექმნის საშუალებით.

მსოფლიო იცვლება ჩვენს თვალწინ და იცვლება ის ფუნდამენტები, რასაც არსებული ფინანსური სისტემა ეფუძნება. ადრე თუ გვიან, ეს დრო მაინც დადგებოდა და სისტემა რევოლუციურ ცვლილებას განიცდიდა. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ხდება სწორედ ამ რევოლუციის მთავარი ბიძგი და სტიმული. არ დაგვავიწყდეს, რომ ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ გახდება მომგებიანი, თუ ის მომგებიანი და მოხერხებული გახდება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოტენციალის გამოყენების შესწავლა, კი მხოლოდ ახლა იწყება.