ბლოკჩეინი და მისი მომავალი

By | August 22, 2018

დღევანდელ სტატიაში ვაგრძელებთ საუბარს “განაწილებული დავთარის ტექნოლოგია”-ზე (“distributed ledger technology” – DLT), ე.წ.  ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ DLT-ი სწრაფი, იაფი და დეცენტრალიზებული გადახდის სისტემის შექმნის იდეამ გააჩინა, ის გადატრიალებას ახდენს თანამედროვე სამყაროში. კრიპტოვალუტები, რის გამოც ამ ტექნოლოგიას მეტწილად იცნობს ხალხი, არ არის დღევანდელი სტატიის მთავარი ფოკუსი. ამ ციკლის პირველ სტატიაში – ბლოკჩეინი და მისი მომავალი – ჩინეთი, ჩვენი მკითხველი უკვე გაეცნო ჩინეთის მიღწევებს ბლოკჩეინის გავითარების საქმეში. თუმცა, არც სხვა განვითარებულ ქვეყნებს გამორჩენიათ თვალთახედვიდან ეს ტექნოლოგია და დღეს სწორედ მათზე გიამბობთ.

მსოფლიოს ერთერთმა წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიამ “დელიოტი” გამოაქვეყნა “გლობალური ბლოკჩეინის კვლევა 2018”.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბაზრებმა აქტიურად დანერგა DLT-ი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციის შენახვა/აღრიცხვა, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა და ფინანსური ტექნოლოგიები, ინოვაციები და სახელმწიფოების მხარდაჭერა ამ სფეროში საგრძნობლად იზრდება.

კვლევის თანახმად, ბიზნესები აქტიურად ნერგავენ ბლოკჩეინს საკუთარ საქმიანობაში. DLT-ს აქვს შესაძლებლობა მოაწესრიგოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ბიზნეს პროცესები. ყველა ბიზნესი დაფუძნებულია ქსელში აქტივების გაცვლაზე და ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა ამ პროცესების დაუყოვნებლივ აუდიტისა და დამოწმების შესაძლებლობას. ეს კი მისწრებაა ყველა ბიზნესისთვის, რადგან იზრდება ეფექტურობა და მცირდება ხარჯები. ამიბიციურმა ბიზნეს ლიდერებმა უკვე დაიწყეს მისი ყოველდღიურ ოპერაციებში გამოყენება, მაგალითად ისეთი პროგრამის როგორიცაა “Microsoft Power Ledger”.

მაშინ, როდესაც უკვე უამრავი ბიზნესი იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციები ქმნიან სრულიად ახალ შესაძლებლობებს. კვლევამ დაამტკიცა, რომ ტრადიციული ბიზნესების 74%-ს შეუძლია ბლოკჩეინის გამოყენება თავიანთ ბიზნეს პროცესებში. DLT-ის ერთერთი ძირითადი უპირატესობაა ადამიანებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების მაღალი დონე, რაც არის ამ ახლად აღმოცენებული ინდუსტრიის ქვაკუთხედი.

ჰონგკონგის მთავრობა უკანასკნელ პერიოდში შეწუხებულია ფინტექის მიმართულებით ინოვაციების ნაკლებობით. სწორედ ამიტომ მათი ყურადღება მიიპყრო DLT-იმ და ამ მიზნით “ჰონგკონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს” (HKUST) გამოეყო 20 მილიონი აშშ დოლარის გრანტი არსებული გადახდის სისტემების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. ეს უკანასკნელი პროექტის განსახორციელებლად იმუშავებს “ჰონგკონგის ჩინურ უნივერსიტეტთან” (CUHK), “ჰონგკონგის უნივერსიტეტთან” (HKU) და “ჰონგკონგის ქალაქის უნივერსიტეტთან” (CityU).

პროექტის მთავარი მიზანია სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა, თუ როგორ უნდა იქცეს ჰონგკონგი ფინანსურ-ტექნოლოგიურ ჰაბად, რომლის ძირითადი საფუძველი იქნება ბლოკჩეინის ტექნოლოგია. პროექტის ხელმძღვანელი არის პროფესორი ტან ჯიაინი, რომელიც ცნობილია მისი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტით – “ჰონგკონგის, როგორც რეგიონული და საერთაშორისო ბიზნეს ცენტრის, სტრატეგიული პოზიციის გაძლიერება” და რომლის მიზანი იყო ბლოკჩეინის ტექნოლოგიის, ქსელის უსაფრთხოებისა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესწავლა ჰონგკონგის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ჯიაინმა ახალ პროექტში მონაწილეობისთვის კომერციული ბანკებიც მიიწვია, რადგან გრანტის ნაწილი დაიხარჯება ვირტუალური ვალუტის შექმნის მიზანშეწონილობის კვლევაზე.

ეს არ არის ჰონგკონგის პირველი ნაბიჯი, შეისწავლოს DLT-ის ტექნოლოგია. 2017 წელს მთავრობამ შეისწავლა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სავაჭრო ფინანსირების სისტემის შექმნის შესაძლებლობა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს “ადამიანის ჩარევისა და თაღლითობის” ფაქტორებს და გააუმჯობესებს გამჭირვალობას.

მიმდინარე წლის აგვისტოში ფილიპინების ჩრდილოეთში საფუძველი ჩაეყარა “კაგაიანის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასა და თავისუფალ პორტს”. პროექტის დაფინანსება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი მიზანია ზონაში “აზიის კრიპტო ველის” დაარსება. ფილიპინების მთავრობა იმედოვნებს ამ მოცულობის ინვესტიციით შვეიცარიის ქალაქ ცუგის (ქვეყნის “კირპო ველი”) მსგავსი გარემოს შექმნას.

ამ ეტაპისთვის “კაგაიანის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და თავისუფალი პორტის” ადმინისტრაციას ურთიერთობა აქვს 25 დიდ კომპანიასთან, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას პროექტის განვითარებაში. ერთად ისინი გეგმავენ ძლიერი ინფრასტრუქტურის, ინტერნეტ დატა ცენტრების და საგანმანათლებლო/ტრენინგ პროგრამების შექმნას, სადაც მომავლის ბლოკჩეინ ლიდერები შეისწავლიან ამ სფეროს. ფინანსურ ტექნოლოგიებში წამყვან ცენტრად გადაქცევის გარდა, ფილიპინების მთავრობა იმედოვნებს მინიმუმ 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ქვეყნის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაუშვა ICO-ები (მონეტის პირველადი შეთავაზება) და მათი რეგულირება ფასიანი ქაღალდების მსგავსად ხდება. ეს კი უზრუნველყოფს რეგულირებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას, სადაც ფინანსურ ტექნოლოგიებში მოქმედი კომპანიები გრძელვადიანად დაცულები იქნებიან სახელმწიფოს მიერ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბლოკჩეინისა და კრიპტო ბიზნესით დაკავებული კომპანიებისთვის აზიაში. თუმცა ეს არის სამხრეთ აზიური ფინტექის მზარდი კულტურის  მხოლოდ ერთი მაგალითი, რადგან ქვეყნებს ამ რეგიონში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებასა და ხელშეწყობაში დიდი შეჯიბრი აქვთ.

სამხრეთ კორეამ მსგავსი პროექტი დაიწყო ჯეჯუს კუნძულზე. გუბერნატორმა ვონ ჰეერიონგმა მოიპოვა სეულის თანხმობა კუნძულისთვის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ბიზნესებისთვის თავისუფალი ინდისტრიულ ზონის სტატუსის მინიჭებაზე. სამხრეთ კორეის მთავრობა მომავალ წელს გეგმავს ჯეჯუზე 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას. ეს დაფინანსება მიმართულია საპილოტე პროექტებზე და ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე.

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სამხრეთ კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა გეგმავს 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას სახელმწიფო პროექტში – “ზრდა ინოვაციების გზით”. სტრატეგიის მიხედვით 8 საპილოტე პროექტი დაფინანსდება, რომელმაც უნდა განავითაროს “პლატფორმის ეკონომიკა” და ის მოიცავს დიდი მოცულობის ინფორმაციის ანალიზისა და ტრანზაქციების ციფრული პლატფორმის შექმნას, ასევე ჰიდროგენის უჯრედული მიწოდების ქსელის შექმნას, და სხვ.

მთლიანად ამ ინიციატივებზე იგეგემება 10 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის სხვა ინდუსტრიებზეც. განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე, როგორც ზიარი ეკონომიკის გაძლიერების ძირითად სტიმულზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა ამ მიმართულებით, ხოლო მომავალ წელს ასეთი ზრდა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეა ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს DLT-ის განვითარებაში.  გარდა ამ დაფინანსებისა გაიხსნა ბლოკჩეინის კვლევის რამდენიმე დიდი ცენტრი. ასევე, შეიქმნა სახელწიფო ორგანო – “ფინანსური ინოვაციების ბიურო”, რომელიც პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება DLT-ის, კრიპტოვალუტებისა და ფინტექის სფეროში.

აშშ-ს ციფრული კომერციის პალატამ ასევე გამოაქვეყნა გზამკვლევი – “ციფრული ტოკენები: ბაზრის მიმოხილვა და გზამკვლევი პოლიტიკის განმახოციელებლებისა და პრაქტიკოსებისთვის”. ეს ორგანიზაცია ვაშინგტონში მოღვაწეობს და რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს, როგორიცაა “ბლოკჩეინის ინტელექტუალური საკუთრების საბჭო”, “სმარტ კონტრაქტების ალიანსი”, “ტოკენების ალიანსი”, და სხვ. ამ უკანასკნელმა ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს ციფრული ტოკენებისა და ICO-ების “პასუხიმგებლობიანი ზრდის” ხელშეწყობაზე. ინიციატივა 350-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომელშიც შედიან ეკონომისტები, ყოფილი მარეგულირებლები, სამართლის პრაქტიკოსები, ბლოკჩეინისა და ტოკენების ექსპერტები.

ამერიკის სავაჭრო პალატა, კიდევ ერთი პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ამერიკის უმთავრეს და უდიდეს კორპორაციებსა და საშუალო/მცირე ბიზნესს, მხარს უჭერს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებას. ორგანიზაციის ანგარიში პალატის ახალი “ფინტექის საინოვაციო ინიციატივის” ნაწილია, რომელიც მან მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. დოკუმენტში თავმოყრილია ამ სფეროში გასატარებელი პოლიტიკისა და რეკომენდაციების დიდი სია და მისი ოფიციალური განხილვები მალე დაიწყება კანონმდებლებთან და მარეგულირებლებთან. “უახლოეს მომავალში ინოვაციების განვითარების სიჩქარე არ შენელდება, პირიქით, მომდევნო წლებში გაიზრდება. აუცილებელია აშშ-ს მთავრობამ და შტატებმა ხელი შეუწყონ ამ ინოვაციებს, რომელიც უკვე ცვლის და მალე მნიშვნელოვნად შეცვლის ყველა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. ასევე, აუცილებელია აშშ ამ პროცესში მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ფლობდეს; მეტიც, ქვეყანამ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს გლობალური ფინანსური სისტემის განვითარებაში” – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ს სულ უფრო მეტი შტატი იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და ხელს უწყობს მათ განვითარებას. არიზონას შტატმა მიიღო კანონი, რომელიც აძლევს საშუალებას კორპორაციებს შეინახონ და გაავრცელონ ინფორმაცია ბლოკჩეინის საშუალებით. ტენესის შტატმაც მიიღო კანონი, რომელიც ლეგალურად ცნობს DLT-ის და სმარტ კონტრაქტებს ელექტრონული ტრანზაქციებისთვის. ნებრასკა, ფლორიდა, ნევადა, ვერმონტი, ჰავაი, ილინოისი, ჩრდილოეთ დაკოტა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ შტატებისა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ამ სფეროს დამკვიდრება და ხელშეწყობა.

კომპანია Upwork-ის უკანასკნელი კვარტალური “უნარების ინდექსის” თანახმად, ბლოკჩეინი აშშ-ში 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მზარდი უნარია. ანგარიში აშუქებს ახალ აღმოცენებად უნარებსა და არსებულ ტრენდებს რეალურ დროში. დოკუმენტის თანახმად, ბლოკჩეინმა პირველი ადგილი დაიკავა 5000 უნარს შორის და ის უკვე მეორე კვარტალშიც უცვლელი ლიდერია. “უნარების ინდექსის” მიხედვით “ბლოკჩეინი არის ახალი და უკვე ძალიან ცნობადი ტექნოლოგია, როგორიც 2000-იან წლებში “ღრუბელის” ტექნოლოგია იყო”.

ბლოკჩეინის დეველოპერებზე მოთხოვნა ძირითადად სტარტაპებიდან მოდიოდა. დღეს კი ეს სურათი სრულიად შეცვლილია. დიდმა კომპანიებმა დაინახეს ამ ინოვაციის პოტენციალი. ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Microsoft, IBM და Google, დაასრულეს ტესტირების რეჟიმი და საკუთარ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ქსელებს ქმნიან. IBM არის ბლოკჩეინ ტალანტების უდიდესი შემსყიდველი. კომპანიას 400-ზე მეტი მიმდინარე ბლოკჩეინის პროექტი აქვს, დაქირავებული ჰყავს 1600-ზე მეტი ბლოკჩეინის სპეციალისტი და დამატებით კიდევ 150-ს ეძებს.

ბლოკჩეინის დეველოპერების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ-ში 130 ათასი აშშ დოლარია. ჩვეულებრივი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების წლიური საშუალო ხელფასი 105 ათასი აშშ დოლარია. მაღალი კონცენტრაციის ციფრულ ჰაბებში, როგორიცაა სილიკონის ველი, ბოსტონი, ნიუ ოირკი, ბლოკჩეინის დეველოპერების საშუალო წლიური ხელფასი 158 ათას აშშ დოლარს აღწევს. უცხოეთში, მაგალითად შვეიცარიაში ეს ციფრი 120-180 ათას აშშ დოლარს შორის მერყეობს. ხელფასების ასეთი ზრდა ბლოკჩეინის სპეციალისტებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდის პირდაპირი შედეგია.

კანადა პროაქტიულად ავითარებს ბლოკჩეინის აპლიკაციებს სხვადასხვა სფეროში: სახელმწიფო მმართველობა, ფინანსები, სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, ენერგეტიკა, ეროვნული და მულტინაციონალიური კრიპტოვალუტები, ICO-ები, და სხვ. ქვეყნის წამყვანი პოზიცია ბლოკჩეინის ინოვაციებში ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინის დამაარსებელი ვიტალიკ ბუტერინი ცხოვრობს და მოღვაწეობს ტორონტოში.

მიმდინარე წლის იანვარში “კანადის ეროვნულმა კვლევითმა საბჭომ” (NRC) და “ინდუსტრიული კვლევების ხელშეწყობის პროგრამამ” (IRAP) წარმატებით დაიწყეს კანადის მთავრობის სახელმწიფო კონტრაქტების გამჭვირვალე ადმინისტრირების ბლოკჩეინ პროექტი (ეთერიუმის ქსელის ბაზაზე).

მიმდინარე წლის 25 ივნისს კანადის ინვესტიციების ინდუსტრიის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ (IIROC) გამოაქვეყნა 2019 წლის პრიორიტეტები. ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს კაპიტალის ბაზარზე ბლოკჩეინის აპლიკაციებისთვის რეგულირების რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც დაიცავს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს ჯანმრთელი შიდა კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

“ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება დრამატულად შეცვლის კაპიტალის ბაზრის მთელ ეკოსისტემას. ციფრული აქტივები, როგორიცაა კრიპტოვალუტები უკვე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს კაპიტალის ბაზრებზე” – ნათქვამია პრიორიტეტების დოკუმენტში.

კანადის ეროვნული ბანკი 2016 წლიდან იყენებს ბლოკჩეინის ე.წ. Proof-of-Concept ტექნოლოგიას ფასიანი ქაღალდების სფეროში, რომლის მიზანია ნაღდი ფულისა და აქტივების ტოკენიზაცია მათი სწრაფი გაცვლისთვის. გარდა ამისა, ბანკი განიხილავს სახელმწიფო კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობასაც.

შვეიცარია დიდი ხანია ე.წ. “ბლოკჩეინისა და კრიპტო სამოთხის” სახელს იმკვიდრებს მსოფლიოში და პოზიციონირებს, როგორც მსოფლიოს ბლოკჩეინ დედაქალაქი. მიმდინარე წელს შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა ქვეყნის ბლოკჩეინ დედაქალაქად გადაქცევის გეგმა, სადაც ამ სფეროს სტარტაპებისთვის საუკეთესო პირობები შეიქმნება.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით განახორციელა ელექტრონული მმართველობის პროექტი – ესტონეთია. მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფომ ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ეკონომიკაში ინტეგრაციით შეძლო ახალი იმპულსის მიცემა ციფრული ეკონომიკისთვის და ახლა იქ ამ სფეროში უამრავი სტარტაპია.

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა განცხადა: “..ჩვენ შეგვიძლია ათი მილიონი გადახდის შესრულება, ათი მილიონი მოთხოვნის შესრულება და ათი მილიონი კონტრაქტის ხელმოწერა სულ რაღაც 10 წუთში. ჩვენზე 10-ჯერ დიდ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ამის გაკეთება”.

ესტონეთი აქტიურად იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ჯანდაცვის, სასამართლო, საკანონმდებლო, უსაფრთხოებისა და კომერციულ სფეროებში. ესტონელებს DLT-ის საშუალებით შეუძლიათ საჯაროდ ნახონ, ვინ გამოიყენა მათი პერსონალური მონაცემები, ეხება ეს მათ სამედიცინო მონაცემებს, მართვის მოწმობას, თუ სადაზღვევო ინფორმაციას. მათ ასევე შეუძლიათ ლეგალურად შეზღუდონ ამ ინფორმაციის გამოყენება.

შოტლანდიაში გამოქვეყნდა კვლევა – “DLT-ი საჯარო მომსახურების სფეროში”, რომელიც მოუწოდებს შოტლანდიის მთავრობასა და ინდუსტრიას გაერთიანდნენ ტექნოლოგიის გარშემო და ხელი შეუწყონ ამ სფეროში ინოვაციებს. დოკუმენტი შოტლანდიის მთავრობის ციფრულმა დირექტორატმა შეუკვეთა. მასში ნათქვამია: “არსებობს საერთაშორისო კონსესუსი, რომ DLT-ი ითამაშებს გადამწყვეტ როლს მომავალ ციფრულ მმართველობაში. ის პოზიტიურ გავლენას მოახდენს ინფორმაციის მართვაზე, საჯარო სერვისების მიწოდების მექანიზმებზე, ეკონომიკურ მოდელებზე და ზოგადად ეკონომიკის ეკოსისტემებზე”. მთავარი რეკომენდაციაა, რომ შოტლანდია უნდა ჩაერთოს ბლოკჩეინის საერთაშორისო ეკოსისტემაში. საჯარო სექტორში პროექტების განხორციელებისთვის საჭიროა პროცესში უნივერსიტეტებისა და ბიზნესის ჩართვა. მიზანია შოტლანდიის DLT-ის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც უნდა გაზიარებულ იქნას საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პროაქტიულად დამყარდეს კონტაქტები სხვა სახელმწიფოებთან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც არის ამ მიმართულებით ძვრები, ბევრად მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ბლოკჩინის  განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. საქართველოს მთავრობამ შექმნა მიწის საკადასტრო ჩანაწერების საჯარო რეესტრის ბლოკჩეინ ბაზა. მაგრამ ძირითადი განვითარება ამ მიმართულებით მაინც მაინინგის სფეროში მოღვაწე კომპანიების ხარჯზეა. ეს საქმიანობა დიდი რაოდენობით ენერგორესურსს მოითხოვს და ენერგიის მოხმარების ასეთ ზრდას ჩვენი ქვეყანა მარტივად ვერ დააკმაყოფილებს. აქცენტი უნდა გაკეთდეს ინოვაციურ პროექტებზე, სტარტაპების დაფინანსებაზე და რაც ყველაზე მთავარია საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე, რამაც საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშნვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა უნდა მიანიჭოს, რომ ამ სფეროს წამყვან კომპანიებს ინტერესი გაუჩნდეთ აქ საქმიანობის. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ხვალინდელი დღეა და ამაზე დაფიქრება სწორედ დღეს არის საჭირო.