ბლოკჩეინი და მისი მომავალი – ჩინეთი

By | August 20, 2018

დღევანდელ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ “განაწილებული დავთარის ტექნოლოგია”-ზე (“distributed ledger technology” – DLT), ე.წ.  ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ  DLT-ი სწრაფი, იაფი და დეცენტრალიზებული გადახდის სისტემის შექმნის იდეამ გააჩინა, ის გადატრიალებას ახდენს თანამედროვე სამყაროში. კრიპტოვალუტები, რის გამოც ამ ტექნოლოგიას მეტწილად იცნობს ხალხი, არ არის დღევანდელი სტატიის მთავარი ფოკუსი. ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ დღევანდელი მდგომარეობით ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების ზოგადი ანალიზი სხვადასხვა ქვეყნებში. მასალის სიდიდიდან გამომდინარე დღეს მხოლოდ ჩინეთს შევეხებით.

მსოფლიოს ერთერთმა წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიამ “Deloitte”-მა გამოაქვეყნაგლობალური ბლოკჩეინის კვლევა 2018. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბაზრებმა აქტიურად დანერგა DLT-ი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციის შენახვა/აღრიცხვა, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა და ფინანსური ტექნოლოგიები, ინოვაციები და სახელმწიფოების მხარდაჭერა ამ სფეროში საგრძნობლად იზრდება.

კვლევის მიხედვით ბიზნესები აქტიურად ნერგავენ ბლოკჩეინს საკუთარ საქმიანობაში. DLT-ს აქვს შესაძლებლობა მოაწესრიგოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ბიზნეს პროცესები. ყველა ბიზნესი დაფუძნებულია ქსელში აქტივების გაცვლაზე და ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა ამ პროცესების დაუყოვნებლივი აუდიტისა და დამოწმების შესაძლებლობას. ეს კი მისწრებაა ყველა ბიზნესისთვის, რადგან იზრდება ეფექტურობა და მცირდება ხარჯები. ამბიციურმა ბიზნეს ლიდერებმა უკვე დაიწყეს მისი ყოველდღიურ ოპერაციებში გამოყენება, მაგალითად ისეთი პროგრამის როგორიცაა “Microsoft Power Ledger”.

მაშინ, როდესაც უკვე უამრავი ბიზნესი იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციები ქმნიან სრულიად ახალ შესაძლებლობებს. კვლევამ დაამტკიცა, რომ ტრადიციული ბიზნესების 74%-ს შეუძლია ბლოკჩეინის გამოყენება თავიანთ ბიზნეს პროცესებში. DLT-ის ერთერთი ძირითადი უპირატესობაა ადამიანებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების მაღალი დონე, რაც არის ამ ახლად აღმოცენებადი ინდუსტრიის ქვაკუთხედი.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გამოაქვეყნა ბლოკჩეინის გზამკვლევი/წიგნი, სადაც მეცნიერულად არის განხილული ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებლები, მისი წარმოშობა, მომავალი გამოყენების შესაძლებლობები და გამოწვევები.

გზამკვლევის შესახებ ოფიციალური განცხადება გავრცელდა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვებგვერდზე. წიგნის ოფიციალური სახელწოდებაა “ბლოკჩეინი – გზამკვლევი ოფიციალური პირებისთვის”. ის უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მოხელეებს ამ ტექნოლოგიის უკეთესად აღქმაში და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.

იე ჰაო, “სახალხო ქსელის” პრეზიდენტი, წიგნის ერთერთ თავში – “ინტერნეტის აზროვნებიდან ბლოკჩეინ აზროვნებამდე” წერს: “ჩვენ მოვუწოდებთ ინდუსტრიაში მოღვაწეებს, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას შეხედონ განვითარების თავალსაზრისით. მას მეცნიერულად და სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ. შეხედეთ ბლოკჩეინის ბიზნეს შესაძლებლოებს მშვიდი თვალით. მხარი დაუჭირეთ ბლოკჩეინის ინდუსტრიის მდგრად და ჯანმრთელ განვითარებას”.

ამ წიგნით ჩინეთის კომუნისტური პარტია ცდილობს დაეხმაროს სახელწიფო ორგანოებს ბლოკჩეინის უკეთესად აღქმაში, რითიც შექმნის საერთო სამუშაო საფუძველს და წაახალისებს DLT-ის მიღებადობას ნაციონალურ დონეზე.

პუბლიკაცია ემთხვევა გადაწყვეტილებას უზარმაზარი დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რომელიც ჩინეთის რამდენიმე ქალაქში ბლოკჩეინის განვითარებაზეა მიმართული. სტარტაპების დაფინანსება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში: ჰანგჯოუ – 1.6 მილიარდი აშშ დოლარი, ნანჯინგი – 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, შენზენში – 80 მილიონი აშშ დოლარი. მეტიც, “ნომერ პირველი ურბანული პროექტი” ჩინეთში – ქალაქი ქსიონგანი, უნდა გახდეს “ოცნების ბლოკჩეინ ქალაქი”. ამას გარდა ჩინეთს გააჩნია 1000 ბლოკჩეინ ქალაქის გეგმა.

ჩინეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციების აკადემიამ, ინტერნეტის უდიდეს ადგილობრივ კომპანია “Tencent Holdings”-თან ერთად, გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც DLT-ის უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა განხილული. ანგარიში ასკვნის, რომ ბლოკჩეინი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ფინანსურ სისტემაზე: “ბლოკჩეინი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ვალუტის ცირკულაციაზე და ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ხოლო არაპირდაპირ მოაქვს ცვლილებები ფინანსურ ბაზარზე და საბაზრო ოპერაციებში. ამავე დროს უმჯობესდება ფინანსური ბაზრის მუშაობის ეფექტურობა.. ბლოკჩეინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ლეგალური ციფრული ვალუტების გამოშვებაზე და ცირკულაციის მექანიზმებზე; ასევე გადახდების სისტემაზე, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე, დაზღვევასა და საკრედიტო ანგარიშგებაზე”.

ქალაქ შენზენის საგადასახადო ადმინისტრაციამ და სახელმწიფო კოსმოსურმა კომპანიამ გადაწყვიტეს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება ფინანსური ჩანაწერების შესანახად, რამაც ბოლო უნდა მოუღოს ფურცლებსა და კორუფციას.

იმისთვის, რომ უკეთესად გავიგოთ რაში შეიძლება ამ შემთხვევაში ბლოკჩეინის გამოყენება, უნდა გავიგოთ როგორ მუშაობს ჩინეთის ინვოისების სისტემა, რომელსაც ოფიციალური სახელი “fapiaos” ეწოდება (რაც ჩინურად ინვოისს ნიშნავს). ეს არის ლეგალური ქვითარი, რომელიც ადასტურებს საქონლის და/ან მომსახურების ყიდვას. “fapiaos”-ს უშვებს ჩინეთის საგადასახადო ბიურო და აძლევს ყველა გამყიდველს მყიდველისთვის გადასაცემად. მიზანია გადასახადების აღრიცხვა და მათგან თავის არიდებასთან ბრძოლა. “fapiaos”-ის არგამოყენება კანონით ისჯება. ვინაიდან ეს სისტემა 1980-იან წლებში შეიქმნა, ის ძალიან მოძველდა. “fapiaos”-ები ღიად იყიდება ქუჩაში, მათი ნაწილი ორიგინალებია (რომელიც არ გამოიყენა გამყიდველმა) ან კარგი ხარისხის ყალბი ასლები. მათი პოვნა ძნელი არ არის და არ მოითხოვს შავ ბაზარზე განსაკუთრებულ კავშირებს. ხშირად შემოთავაზებები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიდის, მეტიც, Taobao.com-ზეც კი იყიდება და მათზე არის სპეციალური ფასდაკლებები (იმავე დღეს მიტანა და სხვა წამახალისებელი შეთავაზებები).

სწორედ აქ არის ბლოკჩეინი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რადგან ის არის ხელშეუხებელი, დეცენტრალიზებული და დაშიფრული დავთარი, რომელიც ნებისმიერი ტრანზაქციის შესახებ ზუსტ და გამჭირვალე ინფორმაციას იძლევა, რაც გამორიცხავს ზედმეტობებს, გაყალბებულ ანგარიშგებასა და სხვა არაკანონიერ მაქინაციებს.

შენზენის საგადასახადო ბიურომ “Tencent Holdings”-თან (კომპანიამ შექმნა მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე სოციალური მედიის აპლიკაცია “WeChat”) ერთად მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო “fapiaos”-ის სისტემის ბლოკჩეინზე გადაყვანის საპილოტე პროექტი.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს კი ამ ახალი ბლოკჩეინის სისტემით პირველი საპილოტე ინვოისები გაიცა. ტრადიციულად “fapiaos”-ების გაცემის პროცესი უამრავი საფეხურის გავლას და დროს საჭიროებს. ახალი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ელექტრონული ინვოისების სისტემა კი მოითხოვს ტრანზაქციის შემდეგ “WeChat”-ის აპლიკაციაში მხოლოდ ერთ მანიპულაციას. ყველაფერი კი იმავე წამს რეალურ დროში აისახება საერთო მონაცემთა ბაზაში. პროცესი უბრალოდ აღარ ტოვებს საშუალებას გაყალბებისა და ზედმეტი ინვოისების გამოყენებისთვის. მეტიც, დაშიფრვის გზით უმჯობესდება ინფორმაციის კონფიდენციალურობაც და მის განხილვაში მესამე პირები აღარ ღებულობენ მონაწილეობას.

ჩინეთის სახელმწიფო კოსმოსურ კომპანიას ოფიციალური მონაცემებით  2.5 მილიარდი ინვოისი აქვს გაცემული. სწორედ ამიტომ მიმართეს მათ ბლოკჩეინს და დაიწყეს ახალი ელექტრონული ინვოისების სისტემის შექმნაზე მუშაობა, რომლის დასრულებაც უახლოეს მომავალში იგეგემება.

ნახევრად სახელმწიფო ჩინეთის ბანკმა (BOC) და ფინანსური სერვისების კორპორაციამ (ChinaUnionPay – CUP) დაამყარეს პარტნიორობა, რომლის შესახებ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადეს. პარტნიორობის მიზანია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საგადამხდელო სისტემის შექმნა და საბანკო პროდუქტების გაუმჯობესება. CUP-მ უნდა შექმნას გაერთიანებული პორტი, მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული ფინანსური სერვისებისთვის, რომლის საშუალებითაც საბანკო ბარათის მფლობელები შეძლებენ მხოლოდ მათი ე.წ. QR კოდებით თანხის დახარჯვას, გადარიცხვას და ვაჭრობას.

JD.com-მა, ჩინეთის საცალო ვაჭრობის უდიდესმა ქსელმა, შექმნა ბლოკჩეინის ახალი ღია პლატფორმა. კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეს არის JD.com-ის სტრატეგიის – “საცალო მომსახურება, როგორც სერვისი” (“Retail as a Service – RaaS”), გაფართოვების ნაწილი. ბლოკჩეინის ამ ღია პლატფორმას ეწოდება “ბლოკჩეინი, როგორც სერვისი” (“Blockchain as a Service – BaaS”) და დეველოპერებს სთავაზობს, შექმნან კონკრეტულად მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული დეცენტრალიზებული აპლიკაცია. შესაძლებელია ქონების შეფასებისთვის, ტრანზაქციებისთვის, საქველმოქმედო შემოწირულობებისთვის და უამრავი სხვა საქმიანობისთვის აპლიკაციების შექმნა.

“JD.com-ის ბლოკჩეინის ღია პლატფორმა არის ჩვენი კომპანიის ექსპერტიზისა და გამოცდილების პროდუქტი, რაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან მუშაობისას დაგვიგროვდა. ის თავიდან მხოლოდ კომპანიის მიზნებისთვის იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის კომერციალიზაცია გადავწყვიტეთ , ეს პლატფორმა მისცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, დაზოგონ უამრავი დრო და რესურსი და ჩვენს მიერ ამდენი ხნის გამოცდილებას დააშენონ მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული აპლიკაციები” – განაცხადა JD.com-ის ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

JD.com-ი, ასევე, მუშაობს ჩინეთის “წყნარი ოკეანის სადაზღვევო კომპანიასთან” (“China Pacific Insurance Company – CPIC”), რომელიც თავის მხრივ მუშაობს ელექტრონული ინვოისების სისტემის შემნაზე. გასულ წელს JD.com-მა ასევე წარმატებით ითანამშრომლა IBM-თან და Walmart-თან და შექმნა საკვების მიკვლევადობის ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც წარმატებით მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც არის ამ მიმართულებით ძვრები, ბევრად მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ბლოკჩეინის  განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. საქართველოს მთავრობამ შექმნა მიწის საკადასტრო ჩანაწერების საჯარო რეესტრის ბლოკჩეინ ბაზა. მაგრამ ძირითადი განვითარება ამ მიმართულებით მაინც მაინინგის სფეროში მოღვაწე კომპანიების ხარჯზეა. ეს საქმიანობა დიდი რაოდენობით ენერგორესურსს მოითხოვს და ენერგიის მოხმარების ასეთ ზრდას ჩვენი ქვეყანა მარტივად ვერ დააკმაყოფილებს. აქცენტი უნდა გაკეთდეს ინოვაციურ პროექტებზე, სტარტაპების დაფინანსებაზე და რაც ყველაზე მთავარია საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე, რამაც საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშნვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა უნდა შესძინოს, რომ ამ სფეროს წამყვან კომპანიებს აქ საქმიანობის ინტერესი გაუჩნდეთ. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ხვალინდელი დღეა და ამაზე დაფიქრება სწორედ დღეს არის საჭირო.