Electron Cash-ის ახალი საფულე ფანრიან Nokia-ზეც იმუშავებს

By | August 9, 2018

გასულ წელს Electron Cash-ის მთავარმა დეველოპერმა, იოლანდ ფიოკბოლმა, განაცხადა, რომ მისი გუნდი დაფინანსდებოდა Coingeek-ის მიერ და რომ მათი საფულე ბევრ ახალ ფუნქციას შეიძენდა. ამ დრომდე მოხერხდა iOS ვერსიის საფულის შექმნა. მიმდინარე კვირაში კი Electron Cash-მა გამოუშვა საფულის “Java მიკრო-დამატება” (J2ME), რომელიც უზრუნველყოფს კრიპტო საფულის ყველაზე მარტივ ტელეფონებზე ფუნქციონირებას.

“J2ME-ით შესაძლებელია უმარტივეს მობილურებზე, როგორიცაა მაგალითად Nokia 216, ჩვეულებრივი ბიტკოინ ქეშის SPV საფულით სარგებლობა. ახალ ელექტრონულ საფულეს გააჩნია სტანდარტული ელექტრონული საფულის დამახასიათებელი ყველა ფუნქცია, როგორიცაა პრივატული გასაღების (private keys) კონტროლი და საფულის აღდგენა ძირი ფრაზით (seed phrase). Electron Cash-ის J2ME-ის ვერსიის წყარო კოდის ნახვა და შეფასება შესაძლებელია Github-ზე” – განაცხადა Electron Cash-ის მთავარმა დეველოპერმა.

ბიტკოინ ქეშის მომხრეები სიხარულით შეხვნენ ამ ინოვაციას, რადგან ეს ძალიან შეუწყობს ხელს კრიპტოვალუტის მიღებადობას მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ ტიპის მობილურებით სარგებლობს მოსახლეობის უმრავლესობა უამრავ ქვეყანაში. Counterpoint-ის კველევის მიხედვით, მხოლოდ აზიასა და აფრიკაში ასეთი ტელეფონების მფლობელების რაოდენობა 1.3 მილიარდს აღწევს.

ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიოში კრიპტოვალუტის ფართო დამკვიდრებისკენ და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტის შემქმნელების მიზანია სწორედ ისეთი მოსახლეობის მოცვა, რომელსაც საბანკო ანგარიშის ფლობის შესაძლებლობაც კი არ აქვს, სფეროს კაპიტალიზაცია და კრიპტოვალუტის მომავალი გამოყენება საგრძნობლად გაიზრდება. J2ME-ს სავარაუდოდ მოჰყვება სხვა კრიპტოვალუტის შემქმნელების მიერ მსგავსი და კიდევ უფრო დახვეწილი ელექტრონული საფულეების შექმნა.

(წყარო)