ამერიკის სავაჭრო პალატა მხარს უჭერს კრიპტოვალუტას

By | July 30, 2018

ამერიკის სავაჭრო პალატა, კიდევ ერთი პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ამერიკის უმთავრეს და უდიდეს კორპორაციებსა და საშუალო/მცირე ბიზნესს,  მხარს უჭერს კრიპტოვალუტას. ორგანიზაცია მოუწოდებს მარეგულირებლებს, კერძოდ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიასა (Securities and Exchange Commission – SEC)  და აშშ-ს ფუჩერსების სავაჭრო კომისიას (Commodity Futures Trading Commission – CFTC) –  კრიპტოვალუტისა და ICO-ოების (მონეტის პირველადი შეთავაზება) მხარდამჭერი რეგულაციები მიიღონ.

მოწოდება ნაწილია პალატის ახალი “ფინტექის საინოვაციო ინიციატივის”, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. დოკუმენტში თავმოყრილია ამ სფეროში გასატარებელი პოლიტიკისა და რეკომენდაციების დიდი სია და მისი ოფიციალური განხილვები მალე დაიწყება კანონმდებლებთან და მარეგულირებლებთან.

პალატა ამბობს, რომ კომპანიებისთვის კაპიტალის მოზიდვა დღითი დღე უფრო ძნელი ხდება და ეს რთულია არა მარტო სტარტაპებისთვის, არამედ უკვე ბაზარზე დიდი ხნის არსებული კომპანიებისთვისაც; რთულმა, ყოვლისმომცველმა და დასანერგად ძვირმა რეგულაციებმა შეაფერხეს აშშ-ში კომპანიების ზრდა, რის დასადასტურებლად მოყვანილია ბოლო ათი წლის სტატისტიკური მონაცემები. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ამერიკელი ინოვატორები ეძებენ ახალ და უფრო ეფექტურ გზებს კაპიტალის მოსაზიდად, როგორიცაა მაგალითად ე.წ. “ქრაუდფანდინგი” და ICO-ოები.

პალატა მოუწოდებს: (1) მთავრობას ლიდერის როლი იკისროს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში; (2) SEC-ს გააგრძელოს ICO-ოების შესწავლა, როგორც კაპიტალის მოსაზიდი ინსტრუმენტის, თუმცა ასევე უზრუნველყოს ინვესტროთა უფლებების დაცვა; (3) CFTC-ს შეისწავლოს კრიპტოვალუტის ფუნქციონირება ფუჩერსებისა და ზოგადად დერივატივების ბაზარზე. ყველა შემთვევაში მთავარი ფოკუსი უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების მიერ შემნილი პროდუქტებისა და სერვისების რეგულირებაზე და არა ტექნოლოგიის რეგულირებაზე.

პალატას სწამს, რომ აუცილებელია ერთიანი და ეფექტური მიდგომის შემუშავება ამ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რადგან ძირითადად ტექნოლოგიის განვითარება ბევრად ასწრებს დროში რეგულირებას.

“ვინაიდან კრიპტო ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, SEC-ი და CFTC-ი ყურადრებით უნდა მოეკიდონ ამ ფაქტს და შუმსუბუქონ კომპანიებს, როგორც რეგულირების წნეხი, ასევე ბაზარზე შესვლის ბარიერები.. უახლოეს მომავალში ინოვაციების განვითარების სიჩქარე არ შენელდება, პირიქით, მომდევნო წლებში გაიზრდება. აუცილებელია აშშ-ს მთავრობამ და შტატებმა ხელი შეუწყონ ამ ინოვაციებს, რომელიც უკვე ცვლის და მალე მნიშვნელოვნად შეცვლის ყველა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. ასევე აუცილებელია ამ პროცესში აშშ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ფლობდეს; მეტიც ქვეყანამ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს გლობალური ფინანსური სისტემის განვითარებაში” – ნათქვამია ანგარიშში.

(წყარო)