Google-ი გაუხმაურებლად აუქმებს კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვას

By | July 24, 2018

Google-ი გაუხმაურებლად აუქმებს კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვას, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კომპანიას არ გაუკეთებია.

მიმდინარე წლის მარტში Google-მა განაცხადა, რომ ის განაახლებდა ფინანსური სერვისების პოლიტიკას, რის მიხედვითაც კრძალავდა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ (მათ შორის ICO-ოები (მონეტის პირველადი შეთავაზება), კრიპტოვალუტის ბირჟები, კრიპტოვალუტის საფულეები და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კონსულტაცია/რჩევა) ყველანაირ რეკლამას. შეზღუდვა უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 1 ივნისიდან.

როგორც ჩანს ინტერნეტ გიგანტმა მოხსნა ეს შეზღუდვა ან საერთოდაც არ დაუწესებია. აღნიშნული მარტივად დასტურდება ძებნის შედეგებითაც, სადაც უხვად გვხვდება მსგავსი რეკლამა (მაგ. eToro, და სხვ).

          

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ეს საკითხი აქტიურად განიხილება ფორუმებზე, მაგ. Reddit-ზე.

Google-ი სავარაუდოდ Facebook-ის მსგავსად მოიქცევა, როდესაც ამ უკანასკნელმა გააუქმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამის შეზღუდვა და ის მხოლოდ ICO-ოებზე შეინარჩუნა.

კრიპტოვალუტის სფეროში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები, როგორიცაა რეგულირების საკითხები მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების მიერ (G20-ის ფორუმი), უმსხვილესი კომპანიების გადაწყვეტილებები (Facebook), და სხვ. ნათლად მიუთითებს, რომ საკითხში გარკვევის შემდეგ მკაცრი პოზიციები კრიპტოვალუტის მიმართ მნიშვნელოვნად რბილდება და იცვლება.