Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას განიხილავს

By | May 12, 2018

Facebook-ი განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს მედია საშუალება Cheddar-ი. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო საშუალება ამბობს, რომ კომპანია საკუთარ აპლიკაციაში გეგმავს ვირტუალური ვალუტის ინტეგრირებას.

ეს ინფორმაცია ვრცელდება იგივე კვირაში, როდესაც პლატფორმამ დანიშნა Messenger-ის აპლიკაციის ხელმძღვანელი – დევიდ მარკუსი –  ბლოკჩეინის ჯგუფის ხელმძღვანელად. ის საფინანსო სფეროდან მოდის, სადაც მუშაობდა PayPal-ში და შემდეგ აშშ-ს უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-ის დირექტორთა საბჭოში. ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი – ბრაიან არმსტრონგი – სწორედ მის გამოცდილებას გადახდებისა და მობილური აპლიკაციების ინდუსტრიებში ასახელებდა მის ყველაზე ძლიერ მხარედ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამის აკრძალვა კომპანიის ამ სფეროსადმი  კრიტიკული ხედვიდან იყო განპირობებული; ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად პლატფორმამ სწორედ ეს დაასახელა. ფაქტია, რომ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება Facebook-ის ბლკოჩეინითა და კრიპტოვალუტით დაინტერესებაზე, რასაც კომპანიაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებებიც ამტკიცებს.

(წყარო)