პირველი ეთერიუმის ფუჩერსები უკვე ბაზარზეა

By | May 12, 2018

კომპანია CryptoFacilities-მა, რომელმაც ბიტკოინის ფუჩერსები გამოუშვა 2015 წელს და რიპლის 2016-ში, ამჯერად ეთერიუმის ფუჩერსებს მიაწოდებს ბაზარს. ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც რეგულირდება ფინანსური ქცევის მარეგულირებელი ორგანოს (Financial Conduct Authority) მიერ, ახალი პროდუქტით ვაჭრობა 11 მაისიდან დაიწყო. CryptoFacilities-ს ფუჩერსების ვაჭრობაში დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ისინი ეხმარებოდნენ CME ჯგუფს ამერიკაში ბიტკოინის ფუჩერსების გამოშვების პროექტში 2017 წელს.

კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის – ტიმო შლაეფერის – განცხადებით: “ეთერიუმის დროც დადგა”. “ბიტკოინი უკვე შედგარი ფინანსური აქტივია და უკვე დიდი ხანია აქტიურად მიმდინარეობს მისი ფუჩერსებით ვაჭრობა. ეთერიუმიც მის კვალს გაყვება” – ამბობს ის.

ჩიკაგოში მოღვაწე კომპანია Akuna Capital-ი მოახდენს ეთერიუმის ფუჩერსების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას და დაეხმარება CryptoFacilities-ს იმ სიცარიელის შევსებაში, რომელიც ამ მხრივ კრიპტო ფუჩერსების ბაზარზე იყო.

“ამ პროდუქტის დამატება გაუმარტივებს კრიპტო მოვაჭრეებს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოზიციების აღებას ეთერიუმზე. უფრო გლობალურ ჭრილში, კი ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო აქტივების განვითარების საქმეში” – ამბობს ტობი ალენი, Akuna Capital-ის ციფრული აქტივების ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ იურისდიქციაში საბოლოოდ ჯერაც არ გადაწყვეტილა რეგულირების მხრივ ეთერიუმის ფასიან ქაღალდად განსაზღვრის საკითხი (მაგ. აშშ), შლაეფერის განცხადებით, ეს სხვა იურისდიქციების პრობლემაა და მათი კომპანიის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ეთერიუმის ამ ტიპის პროდუქტების მიმართ კარგი პრაქტიკის დანერგვას. მათი პლატფორმა სრულად ექვემდებარება ბრიტანეთის კანონმდებლობითა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს და ეს რეგულირებულ ბაზარზე ეთერიუმის დერივატივის გამოშვების ლეგალური შემთხვევაა.

(წყარო)