საქართველოს ეროვნული ბანკი: “რეგულაციები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით იქნება აუცილებელი”

By | May 9, 2018

8 მაისს ტექნოპარკში მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიშის – „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“ – პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად.

ანგარიში ეხება ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების ახალ ტალღას და მათ ურთიერთობას მსოფლიოს სხვადასხვა ეკონომიკებთან გლობალურ და ადგილობრივ დონეზე. ანგარიში წარადგინა მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა. ყურადღება გამახვილებული იყო რეგიონში არსებულ მაკროეკონომიკურ ტრენდებზე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების გავლენაზე.

ანგარიშში ნათვქმია:

  • ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის ხელშემწყობი გარემოდან გამომდინარე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული;
  • საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტების მესამე უდიდესი მომპოვებელია;
  • კრიპტოვალუტის მოპოვებასა და მასში ინვესტირებაში ჩართულია საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 5%;
  • გამოწვევები: ფინანსური ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და უკანონო ტრანზაქციების წინააღმდეგ ბრძოლა.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ, ,,Golden Fleece”-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ, ,,Spotcoin”-ის თანადამფუძნებელმა ენდრიუ ტორნჰოლმა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ეროვნული ბანკები, ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ ხდება განვითარება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. პრაქტიკა და ცოდნა არ არის ძალიან დიდი იმის გამო, რომ დიდი ხანი არ არის რაც ასეთი კრიპტოვალუტები არსებობს. მიუხედავად ამისა თუკი არსებობს რაიმე პრინციპი, რომლის დაცვაც ამ შემთხვევაში მოგვეთხოვება ჩვენ ამას ვაკეთებთ. რეგულაციები ამასთან დაკავშირებით იქნება აუცილებელი” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

“საქართველოში ბლოკჩეინში და კრიპტოვალუტებში ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საინტერესოა, თუ როგორ მოახერხებს ამ ზრდის შედეგების გამოყენებას ქვეყანა. რა თქმა უნდა არის გამოწვევებიც, მაგალითად ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, რაც კრიპტოვალუტის მოპოვებას ყოველთვის თან ახლავს. გარდა ამისა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები, რომელიც მომხმარებლების უსაფრთხოებას დაიცავს” – ამბობს ჰანს ტიმერი.

 

იხილეთ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიში – “კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“

 

იხილეთ ღონისძიების ჩანაწერი