ისრაელის სასამართლო კრიპტოვალუტას იცავს

By | May 8, 2018

ორმა უმსხვილესმა ისრაელის ბანკმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო, რისი გაკეთების უფლებაც საბოლოოდ მათ სასამართლომ აუკრძალა.

ბიტკოინის მაინინგის კომპანია Israminers-მა შეიტანა სარჩელი Union Bank-ის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით მეექვსეა ქვეყანაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკმა მიიღო კომპანიის ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება და შეზღუდა კრიპტოვალუტის ბირჟა BIT2C-დან მათ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა; ასევე მან დააბრუნა ამ ბირჟიდან მიღებული სახსრები საწყის ანგარიშზე. ბანკმა ასევე შეზღუდა Israminers-ის მიერ მაინინგის აპარატურის შესყიდვა და მისცა კომპანიას 30 დღიანი ვადა ანგარიშების დასახურად.

Israminers-ის ერთერთი დამფუძნებელი არის იურისტი და ადვოკატი გაი პენი, რომელიც იურიდიული კომპანია Penn & Co-ს მფლობელია. მან შეიტანა სარჩელი თელავივის სასამართლოში ბანკის მოქმედების შეზღუდვის მოთხოვნით. ასევე მან სარჩელი შეიტანა საბანკო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოშიც.

პენმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რითიც დაავალდებულა ბანკი კომპანიისთვის ყველანაირი შეზღუდვა მოეხსნა. “კრიპტოსამყაროში მოღვაწე კომპანიებს ისრაელის ბანკები შეძლებისდაგვარად ზღუდავენ. მათი მოქმედება სხვა გზას არ გვიტოვებს და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. ეს ყოვლად გაუგონარი და მიუღებელია. ასეთი ქმედებები ასევე გამოიწვევს ამ პროგრესულ და ინოვაციურ დარგში მოღვაწე კომპანიების ისრაელიდან გადინებას, რაც დააზარალებს ზოგადად ქვეყანასაც” – ამბობს პენი.

მეორე შემთხვევა, შალომ და ლიორ სიმონების სარჩელით გადაწყდა, სადაც მათ წარმატებით მოახსნევინეს სასამართლოს Hapoalim ბანკის შეზღუდვა, რომელიც ერთერთი წამყვანი ბანკია ქვეყანაში. საკითხი ანალოგიური იყო. ბანკმა უარი განაცხადა მათ ანგარიშზე 195 ათასამდე დოლარის ჩარიცხვაზე. ეს თანხა ბიტკოინის გაყიდვით მიღებული თანხა იყო. ბანკმა არ გაითვალისწინა დეტალური დოკუმენტაციაც, რომელიც მოსარჩელეებს საგადასახადო ორგანოშიც ჰქონდათ მანამდე წარდგენილი.

ყოველივე ზემოთზმულიდან გამომდინარე, სიტუაცია კრიპტოსამყაროში მოღვაწე კომპანიებისთვის ისრაელში სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა უკანასკნელი საქმეების შედეგებით სასამართლო ქმნის პრაქტიკას, რითიც მომავალში მსგავსი პრობლემები აღმოფხვრილი იქნება.

(წყარო)